ლივერპულის მწვრთნელის, არნე სლოტის განცხადებით, ალექსანდერ ისაკი მოედანს მარტის ბოლოსთვის შესაძლოა დაუბრუნდეს. ისაკი დეკემბრის შემდეგ ფეხის მოტეხილობისა და ტერფზე ჩატარებული ოპერაციის გამო ვერ თამაშობს. ლივერპულის სარეკორდო ტრანსფერმა, რომლის სანაცვლოდ გუნდმა ზაფხულში 125 მილიონი ფუნტი გადაიხადა, "წითლების" მაისურით მხოლოდ 16 შეხვედრა ჩაატარა. "ალექსი მოედანზე ამ კვირაში პირველად გამოჩნდა, ოღონდ არა საფეხბურთო, არამედ სარბენი ფეხსაცმლით," - განაცხადა სლოტმა ხუთშაბათს. "შემდეგი ნაბიჯი ბურთთან მუშაობაა, რაც ყველა ფეხბურთელს ყველაზე მეტად უყვარს, შემდეგ კი გუნდში დაბრუნებაა - ამის შემდეგ კი გარკვეული დროა საჭირო, სანამ სათამაშოდ მზად იქნები. იმედია, ის გუნდს მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ ის სათამაშოდ, მით უმეტეს სასტარტო შემადგენლობაში გამოსასვლელად მზად იქნება. მაგრამ სასიამოვნოა, რომ რეაბილიტაცია კარგად მიდის; ეს კომპლიმენტია როგორც მისთვის, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალისთვის. მოედანზე გასვლა არ ნიშნავს, რომ სამ თვეში სრულად ფორმაში იქნები, რეაბილიტაციის ეს ბოლო ეტაპები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს." სლოტმა ასევე განმარტა, რომ ჯერემი ფრიმპონგი, რომელიც ბარძაყის ტრავმის გამო იყო გამოტოვებული, მომავალ უქმეებზე "ვესტ ჰემთან" გასამართ შეხვედრაში შესაძლოა დაბრუნდეს.