ალფ პაიკი ეროვნულ ჰოკეის ლიგაში (NHL) გრანდიოზულად გამოჩნდა. ვინიპეგელმა მოთამაშემ სტენლის თასი სადებიუტო სეზონშივე (1939-40) მოიგო. მან ასევე ითამაშა „ბლუშერტსის“ (New York Rangers-ის მეტსახელი) 1942 წლის გუნდში, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. 1943 წელს პაიკი კანადის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და ჯარისკაცად მსახურობდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, 1945 წლამდე. კონფლიქტის შემდეგ „ბლუშერტსს“ დაუბრუნდა და თავდამსხმელიდან მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ალფი როგორც თავდამსხმელი და მცველი, მყარი საშუალო დონის მოთამაშე იყო, ის კიდევ უფრო უკეთესი მასწავლებელი აღმოჩნდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, პაიკი „რეინჯერსის“ ახალგაზრდული „ა“ გუნდის მწვრთნელი გახდა გელფში, ონტარიოში. პაიკის გაკვეთილებმა ნაყოფი გამოიღო. მისმა „ბილტმორსმა“ მოიგო მემორიალის თასი, ხოლო ისეთმა გამოჩენილმა მოთამაშეებმა, როგორებიც იყვნენ მარჯვენა ფლანგის შემტევი ენდი ბეთგეიტი, მცველი ჰარი ჰოუელი, მარცხენა ფლანგის შემტევი დინ პრენტისი და უხეში სტილის მოთამაშე ლუ ფონტინატო, „რეინჯერსში“ მოხვდნენ და 1950-იანი წლების ბოლოდან 1960-იან წლებამდე ბრწყინავდნენ. ბეთგეიტი და ჰოუელი დიდების დარბაზშიც კი მოხვდნენ!