მიკელ არტეტა შიშობს, რომ „არსენალის“ მზარდმა ტრავმების სიამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კლუბის მცდელობას, მოიგოს ოთხმაგი ტიტული. არტეტას გუნდმა ადგილი FA თასის მეხუთე რაუნდში კვირას, „ემირეიტს სტადიონზე“, „უიგანთან“ 4:0 გამარჯვებით დაიკავა. თუმცა, „მეთოფეთა“ მიერ ლიგა ერთის მოკრძალებული გუნდის დამაჯერებელი დამარცხება რიკარდო კალაფარისა და ბენ უაიტის ტრავმებმა დაჩრდილა. იტალიელმა მცველმა კალაფარიმ პრობლემა მატჩის წინა გახურებისას მიიღო და თამაში ვერ შეძლო, ხოლო მარჯვენა მცველი უაიტი მეორე ტაიმში იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. „არსენალის“ კაპიტანი მარტინ ოდეგორი მეოთხე რაუნდის მატჩში არ მონაწილეობდა, მას შემდეგ რაც ხუთშაბათს „ბრენტფორდთან“ 1:1 ფრედ დასრულებულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო. გერმანელი თავდამსხმელი კაი ჰავერცი სავარაუდოდ თვის ბოლომდე იუქმებს, ხოლო ესპანელი ნახევარმცველი მიკელ მერინო, ფეხზე ოპერაციის შემდეგ, სეზონის ბოლომდე უქმობისთვისაა განწირული. იმ ფონზე, რომ „არსენალი“ პრემიერ ლიგის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია და ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ უნდა დაუპირისპირდეს, „მეთოფეთა“ მწვრთნელმა არტეტამ აღიარა, რომ ფიზიკური პრობლემები საგანგაშო ხასიათს იღებს. „დიახ. ადრე თავდამსხმელები იყვნენ, მერე მცველები და ახლა ნახევარმცველები არიან“, - განაცხადა მან. „ჩვენ ამას ვუმკლავდებით. მაგრამ გვჭირდება, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი დაბრუნდეს და ფორმაში იყოს, არა მხოლოდ რაოდენობისთვის, არამედ იმის გამოც, რომ განსხვავებული ვარიანტები გვქონდეს იმ მეტოქეების წინააღმდეგ, რომლებიც გვყავს, ამიტომ რაც უფრო სწრაფად დაბრუნდებიან, მით უკეთესი.“ „არსენალი“, რომელიც პრემიერ ლიგის სათავეში ოთხი ქულით ლიდერობს, ოთხშაბათს ცხრილის ბოლოში მყოფ „ვულვზის“ წინააღმდეგ ითამაშებს „მოლინოში“, მომავალ შაბათ-კვირას კი ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. მათ გადამწყვეტი კვირისთვის იდეალური მომზადება მიიღეს, როდესაც „უიგანთან“ მატჩის პირველ 27 წუთში ოთხი გოლი გაიტანეს: ნონი მადუეკეს, გაბრიელ მარტინელის, ჯეკ ჰანტის ავტოგოლისა და გაბრიელ ჟესუსის მეშვეობით. ებერეჩი ეზე, რომელიც გასულ წელს „კრისტალ პალასიდან“ იქნა გადმოყვანილი, ამ სეზონში იმედგამაცრუებელი ფორმის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. ინგლისელი ნახევარმცველი ორი თვის განმავლობაში თავის პირველ ლიგის სასტარტო მატჩში, „ბრენტფორდთან“, ტაიმის შემდეგ მოედნიდან გაიყვანეს. მან საბოლოოდ აჩვენა ის ხარისხი, რამაც „არსენალი“ მისი გაფორმებისკენ აიძულა, „უიგანთან“ კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. „ამ ფეხბურთელებს სჭირდებათ ასეთი მომენტები, განსაკუთრებით კი კრეატიულ მოთამაშეებზე როცა ვსაუბრობთ, მათ უნდა იგრძნონ, რომ ასეთ მომენტებს ქმნიან“, - თქვა არტეტამ. „ძალიან ბედნიერი ვარ ამით. გუნდის განწყობისთვის, თავდაჯერებულობისთვის, ეს ნამდვილად კარგი რამ არის. რისკები, რომლებიც მან მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს აიღო და დარტყმების რაოდენობა, რაც სცადა, ნამდვილად პოზიტიური იყო და სწორედ ამას ვითხოვთ მისგან.“