სპორტი
/
26.02.2026
„არსენალმა“ უპირატესობა გაანიავა, კალაფორი „ვულვზის“ გამათანაბრებელ გოლში უიღბლოდ ჩაერთო
პრემიერ ლიგაში „არსენალმა“ „ვულვერჰემპტონთან“ 2:0-იანი უპირატესობა ხელიდან გაუშვა, რამაც საჩემპიონო რბოლაში მათ მდგომარეობაზე იმოქმედა. შეცვლაზე შესული რიკარდო კალაფორი უიღბლოდ აღმოჩნდა საგოლე ეპიზოდში, თუმცა გულშემატკივრები მას იცავენ და რაიასა და გაბრიელს ადანაშაულებენ.
„არსენალმა“ გასულ ღამეს პრემიერ ლიგის ბოლო ადგილზე მყოფ „ვულვერჰემპტონ უონდერერსთან“ 2:0-იანი უპირატესობა ხელიდან გაუშვა, რამაც „მეთოფეებს“ საჩემპიონო რბოლაში ძვირფასი იმპულსი დააკარგვინა – „მანჩესტერ სიტის“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს და მისი მოგების შემთხვევაში, სხვაობა მხოლოდ ორ ქულას შეადგენს. რიკარდო კალაფორი გუშინ საღამოს დრამის ეპიცენტრში მოექცა, როდესაც დაშავებული ლეანდრო ტროსარის ნაცვლად მოედანზე გვიან შევიდა, შემდეგ კი დამატებულ დროში გათანაბრებელ გოლში მიიღო მონაწილეობა, რამაც „ვულვზს“ ლიგის ლიდერთან საამაყო ქულა მოუტანა.
მეკარე დევიდ რაიასა და ცენტრალურ მცველ გაბრიელს შორის კომუნიკაციის ხარვეზის შემდეგ, „ვულვზის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ედოზი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა და კარისკენ დაარტყა. დარტყმული ბურთი რაიას გასცდა, შემდეგ გაბრიელს მოხვდა, ძელს შეეხო, უკან, კარისკენ დაბრუნდა, კალაფორის მოხვდა და ხაზი გადაკვეთა. თავდაპირველად გოლი კალაფორის ავტოგოლად ჩაითვალა, საბოლოოდ კი ედოზის მიეწერა.
სამართლიანობისთვის, იტალიელს ბევრი რამის გაკეთება არ შეეძლო – მისი სხეულის წონა უკვე იქ იყო, სადაც იყო, და ბრალის დიდი ნაწილი გაბრიელსა და რაიას შეიძლება დაედოს მათი კომუნიკაციის ხარვეზის გამო, რამაც შანსის შექმნა საერთოდ შესაძლებელი გახადა. „არსენალის“ გულშემატკივრები კი სოციალურ მედიაში იტალიელის დასაცავად წამოხდნენ. „გუშინ კალაფორი მართლა ძალიან შემეცოდა“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი X-ზე, – „მისმა სახემ ყველაფერი თქვა და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გოლი არ შესულიყო“. „დაანებეთ რიკარდო კალაფორის თავი“, – თქვა მეორემ, – „ეს დევიდ რაიას, გაბრიელ მაგალიაესის და მიკელ არტეტას შორის არსებული ამბავია“.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება