მადრიდის „ატლეტიკომ“ ხუთშაბათს, „ბარსელონასთან“ მოპოვებულ დიდებულ გამარჯვებას ბუტარკეზე, „რაიო ვალიეკანოსთან“ გამანადგურებელი, 3:0 ანგარიშით მარცხი მიაყოლა. ამ შედეგით „კოლჩონეროები“ ლა ლიგაში მეოთხე ადგილზე დაქვეითდნენ, სადაც ახალ ლიდერ მადრიდის „რეალს“ უკვე 15 ქულით ჩამორჩებიან. ეს „ატლეტიკოსთვის“ უკვე კარგად ნაცნობი სცენარი იყო, რომელსაც მიმდინარე სეზონში სტაბილურობის პრობლემები აქვს. „ბარსელონასთან“ მათი გამოსვლა ბოლო დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო იყო, მაგრამ „რაიოსთან“ მარცხი ერთ-ერთი უარესი. მათ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს ოთხშაბათის ჩემპიონთა ლიგის მატჩის გათვალისწინებით „კლუბ ბრიუგესთან“, მაგრამ ეს მაინც მიუტევებელი თამაში იყო. იან ობლაკი განსაკუთრებით გაცეცხლებული იყო ფინალური სასტვენის შემდეგ და მედიასთან საუბრისას (Marca-ს ცნობით) ნათლად განაცხადა, რომ „რაიოსთან“ მსგავსი შედეგები არის მიზეზი იმისა, რომ „ატლეტიკომ“ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მოგების ნებისმიერი შანსი ხელიდან გაუშვა. „როგორც ჩანს, ლა ლიგა ხელიდან გავუშვით. არ შეგვიძლია ასეთი მატჩების წაგება. არ შეგვიძლია ასე თამაში. ასეთი თამაშით კონკურენციის გაწევა რთული იქნება. მატჩები არ ირჩევა. მათში უმაღლეს დონეზე უნდა იბრძოლო, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. „რაიო“ ბევრად უკეთესი იყო, ჩვენ წაგება დავიმსახურეთ.“ ობლაკს ასევე ჰკითხეს, რატომ იყო გუნდის გამოსვლა ბევრად უარესი, ვიდრე კვირის შუა რიცხვებში „ბარსელონასთან“ მატჩში. „არ არსებობს ახსნა, მაგრამ ერთადერთი რაც ვიცით, ის არის, რომ მატჩებს ვერ ირჩევ. ჩვენი გონება არ გვაძლევს საშუალებას ზედიზედ მოვიგოთ თამაშები და ეს ჩვენი მხრიდან ცუდია. გუნდმა თავისი სახე უნდა აჩვენოს, რაც დღეს არ გავაკეთეთ.“ Diario AS-ის ცნობით, „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ობლაკის განცხადებებზე თავად მედიასთან საუბრისას მოახდინა რეაგირება და ნათლად განაცხადა, რომ მას განსხვავებული აზრი აქვს. „არ ვეთანხმები ობლაკის ნათქვამს. ვფიქრობ, გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ისინი [მოწინააღმდეგე] უკეთესები იყვნენ და ძალისხმევის, შრომისა და კარგად თამაშის მცდელობის კუთხით საყვედური არაფერია. ეს არ იყო კარგი თამაში, მეტოქე უკეთესი იყო და ოთხშაბათზე უნდა ვიფიქროთ.“