პაულა ბადოსამ მკაცრი პასუხი გასცა კრიტიკოსებს მას შემდეგ, რაც დუბაის საჩოგბურთო ჩემპიონატზე მისი ტრავმების პრობლემები კვლავ გამწვავდა. მისი რეიტინგი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დაეცა, სადაც ის პირველ რაუნდში ოქსანა სელეხმეტევამ დაამარცხა. ბადოსამ დუბაიში პირველი რაუნდის მოგება მოახერხა, თუმცა შემდეგ კვლავ იძულებული გახდა მატჩი შეეწყვიტა, ამჯერად ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ, მორიგი ტრავმის გამო. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო 13 ერთეულთა მატჩში, როდესაც მან თამაში შეწყვიტა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი მას „უპატივცემულოც“ კი უწოდა იმის გამო, რომ მატჩებიდან უფრო ადრე არ იხსნის თავს. ბადოსამ სვიტოლინასთან მატჩი პირველი სეტის დათმობის შემდეგ შეწყვიტა, რის შემდეგაც გულშემატკივარმა სოციალურ მედიაში მისი მატჩებიდან მოხსნის პრაქტიკა გააკრიტიკა. შეტყობინებაში ეწერა: „პაულა ბადოსა იმდენად უპატივცემულოა თამაშის მიმართ, უბრალოდ არ შეიძლება ყველა ტურნირზე გახვალ და მატჩს შეწყვეტ/მოიხსნები“. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენების მიმართ ონლაინ ნეგატივი ახალი ამბავი არ არის, ნაკლებად გავრცელებულია მათი პირდაპირი პასუხი, მით უმეტეს, ისე, როგორც ეს ბადოსამ გააკეთა. ბადოსამ კრიტიკა არ მიიღო და X-ზე (ყოფილი Twitter) უპასუხა, დეტალურად აღწერა, რას ნიშნავს ქრონიკული ტრავმის მართვა და ამავდროულად ასპარეზობის გაგრძელების მცდელობა. „თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს ქრონიკული ტრავმით ცხოვრება და მაინც ბრძოლის გაგრძელების არჩევა“, – დაწერა ბადოსამ. „ყოველდღე გაღვიძება ისე, რომ არ იცი, როგორ რეაგირებს შენი სხეული, გამოსავლის ძიება და ბრძოლა იმისთვის, რაც გიყვარს და ყველაფრის გაცემა მაშინაც კი, როცა ეს ასეთი რთულია“. „დამერწმუნეთ, მე ვარ პირველი, ვინც ტკივილს განიცდის და გაუთავებელი კოშმარები მაქვს ყოველდღიურად გამოსავლის მოსაძებნად. ჩემთვის, ბოლოს და ბოლოს, ჩოგბურთის კორტზე გასვლა, ყოველთვის ყველაფრად ღირს. ამიტომ გავაგრძელებ მცდელობას. რადგან ყველაფერი მცდელობაზეა და ეს არ შეიცვლება. ყოველთვის კიდევ ერთხელ ვეცდები.“ „ამას ვაკეთებ ჩემი გატაცებისა და ჩემთვის. და თუ 1%-იანი შანსიც კი არსებობს, რომ გავაგრძელო, მე მას გამოვიყენებ. ასე ვხედავ და მესმის ცხოვრება. თუ არ მოგწონთ, არ გჭირდებათ ჩემი გამოწერა. და ბოდიშს გიხდით, რომ გაცნობებთ, არ ვაპირებ კარიერის დასრულებას, ასე რომ კიდევ დიდხანს მნახავთ. შემდეგ ჯერზე არხი შეცვალეთ.“ ბადოსამ პასუხი დაასრულა მადლობის გადახდით მათთვის, ვინც ამ პერიოდში მის გვერდით იდგა. ბადოსა, რომელიც ამჟამად ტოპ 80-ეულიდან გავარდნის პირასაა, მაინც არის განაცხადში მომავალ კვირას მერიდაში (მექსიკა) გასამართ WTA 500-ის ტურნირზე. ემა ნავარო, რომელმაც ტურნირი შარშან მოიგო, წელს პირველი განთესვით დაბრუნდება. თუ ბადოსა დროულად მოახერხებს ამ ტურნირზე დაბრუნებას, ის შემდეგ ინდიან უელსისკენ გაემართება, რათა კალიფორნიაში თავისი სერია დაიწყოს. ინდიან უელსს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბადოსასთვის – სწორედ იქ მოიპოვა მან თავისი კარიერის უდიდესი ტიტული 2021 წელს. მაგრამ ტრავმების გამო ის ტურნირს ზედიზედ ორი წელია გამოტოვებს. ამ ისტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა მან გადაწყვიტოს, გამოტოვოს მერიდა და მთლიანად ინდიან უელსისთვის მზადებაზე მოახდინოს კონცენტრირება, რომელიც 4 მარტს იწყება.