ბუკაიო საკამ „არსენალთან“ ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მას კლუბში 2031 წლამდე დატოვებს. ფეხბურთელმა ამით „მეთოფეების“ ერთგულება დაადასტურა. საკას წინა კონტრაქტი 2027 წლის ივნისში, მომავალი სეზონის ბოლოს იწურებოდა, მაგრამ კლუბმა გადაწყვიტა, წინასწარ ემოქმედა და ახალი შეთანხმება გაეფორმებინა, რადგან იცოდა, რომ საკას მიმართ ინტერესი, როგორც ინგლისში, ისე მთელ ევროპაში, მაღალი იყო, თავად ვინგერი კი „ემირეიტს სთეიდიუმზე“ დარჩენას ამჯობინებდა. „არსენალმა“ საკა მის საუკეთესო წლებში დაიცვა და ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია – ინგლისელის ხელფასი კვირაში 300 000 ფუნტ სტერლინგს აღემატება. „თავს საოცრად ვგრძნობ. ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური მომენტია ჩემი ოჯახისა და ჩემთვის. უზარმაზარ სიხარულს ვგრძნობ, რომ ჩემს მოგზაურობას ამ კლუბში ვაგრძელებ. ჩემთვის ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო და უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ აქ ყველაფერს მოვიგებ“, – განუცხადა საკამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს. „გზა, რომელიც გავიარე – საიდან დავიწყე და სად ვარ ახლა – და ასევე გზა, რომელიც გუნდმა გაიარა, განსაკუთრებულია. მჯერა, რომ მომავალი რამდენიმე წელიწადი იქნება ის წლები, როდესაც ზღვარს გადავლახავთ და შევძლებთ ტიტულების მოგებასა და ამ კლუბისთვის ისტორიის შექმნას. ჩვენ დავბრუნდით იქ, სადაც ჩვენი ადგილია – ყველაფრისთვის ვიბრძვით“. პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ, საკა „არსენალის“ ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილი გახდა და მიკელ არტეტას გუნდთან ერთად ამ სეზონში ოთხივე ტიტულისთვის იბრძვის – „არსენალი“ პრემიერ ლიგის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული, ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში ითამაშებს და „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის ლიგის თასის (ქარაბაო თასი) ფინალში დაუპირისპირდება. საკამ „არსენალის“ მაისურით 239 მატჩი ჩაატარა და 78 გოლი გაიტანა, აქედან შვიდი მიმდინარე სეზონის 34 მატჩში. მისი ბოლო გოლი ოთხშაბათს „ვულვზის“ წინააღმდეგ გატანილი გოლია, როდესაც „არსენალმა“ პრემიერ ლიგის ბოლოადგილოსან გუნდთან გულდასაწყვეტი ფრე, 2:2 ითამაშა, რამაც „მეთოფეების“ საჩემპიონო იმედებს ზიანი მიაყენა. მისი კონტრაქტის გახანგრძლივება, მიუხედავად ამისა, კლუბისთვის დიდი სტიმულია, რადგან ის შეუერთდა გუნდის იმ წევრთა რიცხვს, რომლებმაც გასულ ზაფხულს ახალი გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმეს – მათ შორის არიან უილიამ სალიბა, გაბრიელ მაგალიაეში, ითან ნვანერი და მაილს ლუის-სკელი. საკა „არსენალის“ აკადემიის აღზრდილია და გულშემატკივრების ფავორიტია. მარტინ ოდეგაარდის არყოფნის დროს ის გუნდის კაპიტანიცაა. უდავოა, რომ ის არტეტას „არსენალის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც გოლების, საგოლე პასების, დარტყმებისა და შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობით მოწინავე პოზიციებს იკავებს, რაც მის ღირებულებას ხაზს უსვამს მარჯვენა ფრთაზე. მან დაამატა: „როდესაც კარიერის ბოლოს უკან მივიხედავ, მინდა, რომ დავინახო ბავშვი, რომელმაც შვიდი-რვა წლის ასაკში „არსენალში“ საცდელი პერიოდი გაიარა და შემდეგ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. სწორედ ასეთი მემკვიდრეობის შექმნა მსურს და როდესაც კარიერის ბოლოს დავფიქრდები, სწორედ ამის დანახვა მინდა. ეს გამაბედნიერებდა“. საკამ ინგლისის ნაკრების მაისურით 48 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მოსალოდნელია, რომ თომას ტუხელის გუნდის შემადგენლობაში იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ივნისში დაიწყება.