პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის, უსმან დემბელეს (28), მონაკოსთან ჩემპიონთა ლიგის სამშაბათს გასამართ მატჩში მონაწილეობა საეჭვოა, იტყობინება L’Équipe. დემბელე დისკომფორტს უკვე უჩიოდა პარასკევს გამართული რენთან 3:1 წაგებული მატჩის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა ორშაბათს ღამით მონაკოს სტადიონზე, „ლუი II-ზე“ გამართულ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, ის კვლავ უჩიოდა დისკომფორტს ფეხში. როგორც ჩანს, ფრანგი ცდილობდა ტრავმის შემოწმებას, ასრულებდა რამდენიმე სპრინტს და ესაუბრებოდა პსჟ-ს სამედიცინო პერსონალს. რენთან პსჟ-ს მარცხის შემდეგ დემბელეს კომენტარებმა ის ყურადღების ცენტრში მოაქცია ხვალინდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ. მან თანაგუნდელები ზედმეტ „ინდივიდუალიზმში“ დაადანაშაულა, რამაც ლუის ენრიკეს მკაცრი რეაგირება გამოიწვია. მწვრთნელმა განაცხადა, რომ მატჩის შემდგომი ყველა კომენტარი „უსარგებლოა“ და რომ „არც ერთი ფეხბურთელი არ დგას კლუბზე მაღლა“. ფაბიან რუიზი და სენი მაიულუ ასევე ვერ მიიღებენ მონაწილეობას სამშაბათის შეხვედრაში.