სპორტი
/
23.02.2026
დესტინი აიავა ჩოგბურთიდან მიდის: „რასისტული, მიზოგინისტური, ჰომოფობიური“ კულტურა გახდა მიზეზი
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა დესტინი აიავამ 25 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი ჩოგბურთის „რასისტული, მიზოგინისტური, ჰომოფობიური და მტრული“ კულტურა დაასახელა. მან Instagram-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ასევე ტროლების თავდასხმებზე ისაუბრა. ამანდა ანისიმოვა, უიმბლდონისა და აშშ ღია პირველობის ფინალისტი, აიავას გადაწყვეტილებას „გულსატკენს“ უწოდებს.
ავსტრალიელმა დესტინი აიავამ 25 წლის ასაკში ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ის ზურგს აქცევს სპორტის „რასისტულ, მიზოგინისტურ, ჰომოფობიურ და მტრულ“ კულტურას. სამოური წარმოშობის აიავა მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს სპორტს, რომელსაც ის „ტოქსიკურ შეყვარებულს“ ადარებს. მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ Instagram-ზე, უცენზურო სიტყვებით სავსე პოსტით გაამჟღავნა, სადაც ის ასევე აღნიშნავდა, რომ სოციალური მედიის ტროლების სამიზნე იყო.
აიავას დებიუტი WTA ტურზე 2017 წლის ბრისბენის საერთაშორისო ტურნირზე შედგა. 2016 წლის დეკემბერში მან მოიგო 18-წლამდელთა ავსტრალიის ჩემპიონატი გოგონებში. აიავამ 24 ITF Circuit ტიტული მოიგო როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში. 2025 წელს მან ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა თანრიგში მეორე რაუნდში გავიდა. მან 2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰარიეტ დარტთან წააგო.
აიავამ, რომლის კარიერაში საუკეთესო ერთეულთა რეიტინგი 147-ე ადგილია, განაცხადა: „ჩემი საბოლოო მიზანია, ყოველდღე გავიღვიძო და გულწრფელად ვთქვა, რომ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ - ვფიქრობ, ყველას ეკუთვნის ასეთი შანსი. მე 25 წლის ვარ, წელს 26-ის გავხდები და ვგრძნობ, რომ ყველას ჩამოვრჩები, თითქოს ნულიდან ვიწყებ. მეშინია კიდეც. მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე ცხოვრება, რომელიც არ ემთხვევა შენს ღირებულებებს, ან მუდმივი შედარებების გარემოცვაში საკუთარი თავის დაკარგვა.“
აიავამ გააკრიტიკა „ყველა, ვინც ჩოგბურთის საზოგადოებაში ოდესმე მაგრძნობინა, რომ ნაკლები ვარ“, „ყველა აზარტული მოთამაშე, ვინც სიძულვილის ან სიკვდილის მუქარის შემცველი შეტყობინებები გამომიგზავნა“, „ადამიანები, რომლებიც ეკრანების მიღმა სოციალურ მედიაში კომენტარებს აკეთებენ ჩემს სხეულზე, ჩემს კარიერაზე“ და „სპორტი, რომელიც ე.წ. კლასსა და ჯენტლმენურ ღირებულებებს ამოფარებული იმალება.“ მან დაამატა: „თეთრი ფორმებისა და ტრადიციების მიღმა დგას კულტურა, რომელიც რასისტულია, მიზოგინისტური, ჰომოფობიური და მტრულად განწყობილი ნებისმიერის მიმართ, ვინც არ ჯდება მის ყალიბში.“
Sky Sports-მა WTA-ს კომენტარისთვის მიმართა.
აიავამ ასევე მადლიერება გამოხატა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ჩოგბურთმა მისცა, მათ შორის მსოფლიოს ნახვის, კარგი მეგობრების შეძენისა და საკუთარი ისტორიის გასაზიარებლად პლატფორმისთვის.
უიმბლდონისა და აშშ ღია პირველობის ფინალისტმა, ამანდა ანისიმოვა, განაცხადა, რომ „გულსატკენია“ აიავას 25 წლის ასაკში კარიერიდან წასვლა. „პოსტი გულდასაწყვეტი იყო და სამწუხარო წასაკითხი,“ - თქვა 24 წლის ამერიკელმა, რომელმაც პოპულარობა 2019 წელს საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლით მოიპოვა. „პირადად მე არ ვიცი მისი ამბავი. მას კარგად არ ვიცნობ. ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, რაზე საუბრობდა ამ ასპექტში. არ ვიცი, უფრო სოციალურ მედიაში მიღებულ რეაქციებზე ლაპარაკობდა თუ ჩოგბურთის ხალხზე. უბრალოდ, საკმარისად დეტალურად არ ვიცი, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე. საბოლოო ჯამში, გულსატკენია, რომ მან ეს გამოცდილება მიიღო. იმედია, შესაძლოა, აზრს შეიცვლის და ჩოგბურთში თავიდან დაიწყებს. არასოდეს იცი.“
წყარო: www.skysports.com
გაზიარება