„საკრამენტო კინგსისთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის რთული სეზონი გრძელდება. ოთხშაბათს მიღებული სიახლე მათ მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი „კინგსებისთვის“ უკვე დაკარგულად ითვლება, ასეთი ინფორმაციის მოსმენა მაინც არასასიამოვნოა. ESPN-ის ჟურნალისტის, შამს ჩარანიას, ცნობით, დომანტას საბონისი მუხლზე ოპერაციის გადაწყვეტილების გამო მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. მან ამ სეზონში მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა, რადგან მენისკის დაზიანებით თამაშსა და რეაბილიტაციას ერთდროულად ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ სეზონის ნაადრევად შეწყვეტა და სრულად განკურნება გადაწყვიტა. ეს ლოგიკური ნაბიჯი ჩანს, რადგან „საკრამენტოს“ 12 მოგება და 44 წაგება აქვს (NBA-ში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი) და მომდევნო თვეებში მათთვის თითქმის არაფერია სათამაშო. ეს ინფორმაცია ზაკ ლავინის ტრავმის გამო სეზონის დასრულებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გავრცელდა. საბონისი გაცვლების ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი მოთამაშე იყო დედლაინის გასვლამდე, მაგრამ საბოლოოდ „კინგსში“ დარჩა. გაურკვეველია, როგორ მოგვარდებოდა მისი ტრავმის სიტუაცია, თუკი ის დედლაინზე გაიცვლებოდა. საბონისი „კინგსთან“ კონტრაქტით 2027-28 წლების სეზონის ბოლომდეა დაკავშირებული.