ფეხბურთი
/
26.02.2026
ედერ მილიტაოს დაბრუნება ახლოვდება: „რეალის“ მცველმა ბურთთან ვარჯიში განაახლა
მადრიდის „რეალის“ მცველი ედერ მილიტაო, რომელიც დეკემბრის შემდეგ ტრავმირებულია, მოედანზე სავარაუდოზე ადრე დაბრუნდება. მისი აღდგენის პროცესი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა, მარტის ბოლოსთვის ის გუნდს უკვე შეუერთდეს, რაც „ბლანკოსების“ დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
მადრიდის „რეალმა“ დაცვის საკვანძო ფეხბურთელი ანტონიო რუდიგერი ერთთვიანი ტრავმის შემდეგ დაიბრუნა და მისმა დაბრუნებამ უკვე დიდი გავლენა მოახდინა გუნდის დაცვით პერფორმანსზე. ახლა „ბლანკოსები“ ელოდებიან კიდევ ერთი თავიანთი დაცვის ბურჯის, ედერ მილიტაოს დაბრუნებას, რომელიც დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.
გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მილიტაოს აღდგენის პროცესი კარგად მიმდინარეობს – იმდენად კარგად, რომ მას შეუძლია შეამციროს გამოჯანმრთელების ვადები, თუმცა არა დიდი სხვაობით. მისი დაბრუნება შესაძლოა აპრილის შუა რიცხვების ნაცვლად, მარტის ბოლოსკენ შედგეს.
მილიტაო შესაძლოა მარტში დაბრუნდეს. (ფოტო: ანხელ მარტინესი/Getty Images)
28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანს დეკემბრის დასაწყისიდან კუნთოვანი ტრავმის გამო ჩამოშორდა, თუმცა მის მდგომარეობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. გუშინწინ მილიტაომ ვალდებებას საწვრთნელ ბაზაზე ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა, რამაც ოპტიმიზმი გაზარდა.
თუმცა, კლუბში აცხადებენ, რომ ის მოედანზე არ გავა, სანამ რეციდივის რისკი ნულამდე არ დავა. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც მიდის, „პორტოს“ ყოფილი ვარსკვლავი შესაძლოა მომავალი თვის ბოლოსთვის მოქმედებაში დაბრუნდეს, სეზონის დასკვნითი ფაზისთვის.
დინ ჰაისენის არასტაბილური ფორმის, დავიდ ალაბას გეგმებში არასრულფასოვანი მონაწილეობის და რუდიგერის, ისევე როგორც რაულ ასენსიოს ფიზიკური პრობლემების ფონზე, მილიტაოს დაბრუნება ესპანეთის დედაქალაქის გრანდისთვის უდიდესი სტიმული იქნება.
ტრავმამდე მილიტაომ ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, შთამბეჭდავი იყო მისი მყარი თამაში, ამასთან მან ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება