„არსენალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ემერსონ ნვანერი სამშაბათს დილით გამოცხადებულ ინგლისის 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა, აკადემიის თანაგუნდელ მიშელ ნდუკასთან ერთად. ემერსონი „არსენალიდან“ განათხოვრებული ითან ნვანერის უმცროსი ძმაა და ისიც ითანის მსგავსად ვადაზე ადრე მიიწევს წინ ასაკობრივ ჯგუფებში. 15 წლის ფეხბურთელი ჯერ არ თამაშობს პირველი გუნდის შემადგენლობაში, როგორც ეს უფროსი ნვანერი იყო მის ასაკში, თუმცა მან უკვე გამოტოვა რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი და თამაშობს „არსენალის“ 18-წლამდელთა გუნდში, მიმდინარე სეზონში კი „არსენალის“ 21-წლამდელთა გუნდშიც მოასწრო დებიუტი. ფაქტობრივად, ინგლისის ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების დროს ემერსონ ნვანერი „არსენალის“ 18-წლამდელთა გუნდთან ერთად იყო ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში, „ტოტენჰემთან“ მატჩზე. მიუხედავად იმისა, რომ ნვანერი მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, ის მოედანზე შევიდა და „არსენალის“ ერთადერთი გოლი გაიტანა. ახალგაზრდამ „სპურსის“ შეცდომით ისარგებლა და 85-ე წუთზე გაიტანა გოლი, რაც მისი პირველი გოლი იყო ამ დონეზე. საბოლოო შედეგი გუნდისთვის იმედგამაცრუებელი 4-1 დამარცხება იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ნვანერი მოედანზე 3-0-ზე შევიდა, მას დიდ ბრალს ვერ დავდებთ ამ მარცხში. ინგლისის ნაკრებში, უმცროსმა ნვანერმა უკვე მოასწრო 16-წლამდელთა დებიუტი, რა დროსაც დეკემბერში ნიდერლანდების წინააღმდეგ რამდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა. ის იმედოვნებს, რომ ამჯერადაც იგივეს გააკეთებს, რადგან ინგლისი 21 თებერვალს დანიას, 23 თებერვალს ესპანეთს და 26 თებერვალს საფრანგეთს დაუპირისპირდება.