სპორტი
/
15.02.2026
ემოციური ტრიუმფი: ენტონი კიმმა LIV გოლფის ტურნირი ადელაიდაში მოიგო 12-წლიანი პაუზის შემდეგ
ენტონი კიმმა, რომელმაც 12 წლის წინ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო გოლფის თამაში შეწყვიტა, ემოციური გამარჯვება მოიპოვა LIV გოლფის ტურნირზე ადელაიდაში. სამი წლის განმავლობაში სიფხიზლის შენარჩუნების შემდეგ, კიმმა სამი დარტყმით აჯობა ესპანელ ჯონ რამს და თასს დაეუფლა, რაც მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრუნებაა.
ადელაიდა, ავსტრალია -- ენტონი კიმმა, რომელმაც 12 წლის წინ გოლფი მიატოვა, ესპანელ გოლფის ვარსკვლავ ჯონ რამს აჯობა და LIV გოლფის ტურნირზე, ადელაიდაში, ემოციური გამარჯვება მოიპოვა. კიმმა, რომელმაც 2014 წელს ალკოჰოლსა და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის გამო შეწყვიტა თამაში, „გრეინჯის“ მოედანზე გამართულ ფინალურ რაუნდში რამს სამი დარტყმით აჯობა.
40 წლის კიმმა, რომელიც სამი წელია ფხიზელია, კვირას უნაკლო ცხრა-ანდერ 63 დარტყმით ითამაშა, ჯამში 23-ანდერით დაასრულა და რამს (20-ანდერი) გადაასწრო.
რამის პროგნოზირებული ბრძოლა ტიტულისთვის ბრაისონ დეშამბოსთან ჩაიშალა, რადგან ამერიკელმა პირველ ექვს ხვრელში ოთხი „ბოგი“ დააგროვა. რამი და დეშამბო ღამით 19-ანდერით თანალიდერები იყვნენ, მაგრამ გამოწვევის ჯერი კიმზე მიდგა, რომელიც კვირას ხუთი დარტყმით ჩამორჩებოდა.
რამმა მხოლოდ ერთი-ანდერით ითამაშა, მაშინ როცა კიმის „გამოსყიდვის რაუნდმა“ მე-12 ხვრელიდან ექვს ხვრელში ხუთი „ბერდი“ მოიცვა, რაც საბოლოოდ ტურნირის მოგებაში დაეხმარა. კალიფორნიელმა – რომელსაც ეკუთვნის რეკორდი „US მასტერსის“ ერთ რაუნდში ყველაზე მეტი „ბერდის“ (11) დაგროვებაში; არის PGA ტურის სამგზის გამარჯვებული; და რაიდერის თასის ჩემპიონი პაუზამდე – ჯამში ცხრა „ბერდი“ შეასრულა, რათა 4 მილიონი აშშ დოლარის (5.7 მილიონი ავსტრალიური დოლარი) საპრიზო ჩეკი მიეღო.
კიმი, ათწლიანი პაუზის შემდეგ, გოლფს 2024 წელს LIV სერიებში რეზერვისტის სტატუსით დაუბრუნდა, მაგრამ გასული სეზონის ბოლოს სალიცენზიო ბარათი დაკარგა. მან რეზერვისტის ადგილის დაბრუნება საერთაშორისო პლეი-ოფის მეშვეობით შეძლო და ამ კვირაში პირველად შეუერთდა LIV-ის გუნდს – დასტინ ჯონსონის „4Aces-ს“.
კიმმა აღიარა, რომ თავს იღბლიანად გრძნობდა, უბრალოდ იმის გამო, რომ ცოცხალი იყო, გოლფის ტურნირებში ასპარეზობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. „ეს არის ყოველდღიურად 1%-ით გაუმჯობესება, ფხიზლად ყოფნა, ოჯახთან ერთად დროის გატარება – და რაც უნდა მოხდეს, მოხდება, რადგან ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის მაქსიმალური მცდელობა,“ – განაცხადა მან ხუთშაბათს.
კიმმა კვირას საუკეთესო თამაში აჩვენა, რამს აჯობა, მაშინ როცა სხვა კონკურენტები გამოჩნდნენ და შემდეგ ჩამორჩნენ. დეშამბომ 17-ანდერით დაასრულა, ინგლისელ ტაირელ ჰატონთან და ამერიკელ პიტერ იულაინთან ერთად. ავსტრალიელმა ლუკას ჰერბერტმა (16-ანდერი) მოკლედ ერთი დარტყმით ჩამორჩა, როცა რამი ლიდერობდა. თუმცა ჰერბერტის მცდელობა, გამხდარიყო პირველი ავსტრალიელი, რომელმაც ადელაიდაში ინდივიდუალური LIV ტიტული მოიგო, სამი თანმიმდევრული „ბოგით“ ჩაიშალა.
ადგილობრივმა მარკ ლეიშმანმა შესანიშნავი შვიდი-ანდერ 65 დარტყმით 15-ანდერით დაასრულა, თანამემამულე კემერონ სმიტთან ერთად, რომელმაც 70 დარტყმა მოიპოვა. გოლდ კოსტში დაბადებულმა ელვის სმაილიმ, 23 წლის გოლფის მოთამაშემ, რომელმაც გასულ შაბათ-კვირას საუდის არაბეთში, LIV-ის დებიუტზე ინდივიდუალური ტიტული მოიგო, ცხრა-ანდერით დაასრულა. ამ ოთხეულის გაერთიანებულმა მიღწევებმა მათს სრულიად ავსტრალიურ „Ripper GC“ გუნდს გუნდური შეჯიბრის მოგებაში შეუწყო ხელი. კაპიტან სმიტის გუნდმა, რომელმაც ასევე მოიპოვა გუნდური ტიტული გასულ შაბათ-კვირას რიადში, ორი დარტყმით აჯობა რამის „Legion XIII“-ს.
წყარო: www.espn.com
გაზიარება