ენტონი გორდონმა ისეთი ღამე აჩუქა საკუთარ თავს და „ნიუკასლ იუნაიტედს“, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ - მისი ოთხმა პირველი ტაიმის გოლმა „კაჭკაჭებს“ ჩემპიონთა ლიგაზე „ყარაბაღთან“ აზერბაიჯანში, გამანადგურებელი ანგარიშით 6-1 გამარჯვება მოუტანა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი შესვენებამდე უბრალოდ შეუჩერებელი იყო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მატჩის პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ეს მანამდე შეძლო, იყო ლუის ადრიანო „შახტარ დონეცკიდან“ „ბატე ბორისოვის“ წინააღმდეგ 2014 წლის ოქტომბერში - ბრაზილიელმა იმ ღამეს ხუთი გოლი შეაგდო. თუმცა, გორდონმა განახლებული თამაშის შემდეგ გოლების რაოდენობა ვეღარ გაზარდა და უფრო ელიტურ კლუბში გაწევრიანებას მცირედით ჩამორჩა. ჩემპიონთა ლიგის თანამედროვე ეპოქაში (1992 წლიდან) მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანა: ლუის ადრიანო, ლიონელ მესი და ერლინგ ჰალანდი. გორდონი ამ საოცარი მიღწევის გამეორებასთან ძალიან ახლოს იყო. მისი ოთხგოლიანი მონაგარი ასევე ელიტარულ ინგლისურ კომპანიაში აყენებს. ის ახლა მეხუთე ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, დენის ვიოლეტის, რეი კროუფორდის, ალან სმიტის და ჰარი კეინის შემდეგ. კროუფორდი კვლავ რჩება ერთადერთ ინგლისელ ფეხბურთელად, რომელმაც ევროპის მთავარ ტურნირზე ხუთი გოლი გაიტანა, მან ეს „იპსვიჩ თაუნის“ შემადგენლობაში ძველ ევროპის თასზე მოახერხა. გორდონის მიმდინარე სეზონის მონაგარი 10 გოლს შეადგენს, რაც მას ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გოლების რაოდენობით მეორე ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ინგლისელ ფეხბურთელად აქცევს, კეინის 2024/25 წლების სეზონში „ბაიერნ მიუნხენში“ გატანილ 11 გოლს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. ის ასევე მეორე ადგილზეა მიმდინარე სეზონის საერთო ბომბარდირთა სიაში, სამი გოლით ჩამორჩება კილიან მბაპეს. გუნდური მიღწევა ისეთივე ისტორიული იყო. „ნიუკასლის“ 6-1 მოგება მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ინგლისურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში სტუმრად ექვსი გოლი გაიტანა. კიდევ უფრო აღსანიშნავია, რომ 1992/93 წლების სეზონის შემდეგ ეს მხოლოდ მესამე შემთხვევა იყო, როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში ხუთი გოლი გაიტანა - „შახტარი“ და „ბაიერნ მიუნხენი“ იყვნენ ერთადერთნი, ვინც ეს მოახერხეს, ორივემ 2014/15 წლების სეზონში. ეს იყო ყველა ასპექტში სარეკორდო ღამე - და ისეთი, რომელმაც გორდონის სახელი მყარად ჩაწერა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.