ამ უქმეებზე ლონდონის „არსენალი“ ინგლისის ასოციაციის თასის (FA Cup) მეოთხე რაუნდში „უიგან ატლეტიკს“ უმასპინძლებს. მიკელ არტეტას გუნდი მიმდინარე სეზონში ოთხი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჩრდილოეთ ლონდონელები პრემიერ ლიგას ოთხი ქულით ლიდერობენ, ხოლო მარტში „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ ლიგის თასის ფინალში დაუპირისპირდება. ახლა „მეთოფეების“ ყურადღება FA თასის მატჩზეა გადატანილი და „ემირეიტს სთეიდიუმზე“ „უიგანის“ ვიზიტს ელოდებიან. „ლატიკები“ (უიგანის მეტსახელი) ლიგა ერთში მე-22 ადგილზე არიან რთული კამპანიის ფონზე და ბოლო რვა სალიგო მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებიათ. მიკელ არტეტას მოუწევს გუნდის შემადგენლობის მართვა, რადგან ბოლო დღეებში „არსენალის“ დაშავებული ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა. კაი ჰავერცმა ახალი ტრავმა მიიღო და მორიგი პერიოდით ლაზარეთში გადაინაცვლებს, სადაც უკვე იმყოფება მიკელ მერინო, რომელსაც ხუთთვიანი უქმობა ელის. უილიამ სალიბამ ბრენტფორდთან შუა კვირის ფრე ავადმყოფობის გამო გამოტოვა და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო მარტინ ოდეგორმა მუხლის კიდევ ერთი დაზიანება მიიღო. მაქს დაუმანიც კვლავ ტერფის პრობლემის გამო ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, „არსენალი“ ამ მატჩისთვის შემადგენლობას დაატრიალებს. გაბრიელ მარტინელი, რომელმაც მესამე რაუნდში „პორტსმუთთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის იმედი აქვს. მისმა თანაგუნდელმა თავდამსხმელმა გაბრიელ ჟესუსმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რითაც ვიქტორ გიოკერეშს დასვენების საშუალება მიეცემა. „არსენალის“ სავარაუდო შემადგენლობა: კეპა; უაიტი, მოსკერა, კალაფორი, ლუის-სკელი; ნორგაარდი, რაისი, ეზე; მადუეკე, ჟესუსი, მარტინელი. „არსენალი“ - „უიგან ატლეტიკის“ მატჩი „ემირეიტს სთეიდიუმზე“ კვირას, 2026 წლის 15 თებერვალს, თბილისის დროით 20:30 საათზე (16:30 GMT) დაიწყება. შეხვედრის ტრანსლაციას დიდ ბრიტანეთში TNT Sports 1 და discovery+ განახორციელებენ. დამატებითი მასალა: პრემიერ ლიგის ჯილდოები: შეშფოთებული „არსენალი“ და სეშკოს შედევრი. იხილეთ აგრეთვე: პრემიერ ლიგის კვირის გუნდი – ბოგლი, ჰანიბალი, სემენიო. Facebook | Instagram | Twitter | YouTube