"ჰელას ვერონას" თავდამსხმელი გიფტ ორბანი მოედანზე "თანაბარ მოპყრობას" ითხოვს, მას შემდეგ, რაც "პარმასთან" სერია A-ს მატჩში ადრეული წითელი ბარათი მიიღო. "როგორც შავკანიანმა ფეხბურთელმა იტალიაში, ვერ უგულებელვყოფ, თუ რამდენად ხშირად გვექცევიან განსხვავებულად," – განაცხადა ორბანმა. "ვერონას" თავდამსხმელი ორბანი კვირას "პარმასთან" 2:1 წაგებულ მატჩის საწყის წუთებში მიღებულ პირდაპირ წითელ ბარათზე ჩიოდა. ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი მატჩის მე-10 წუთზე გააძევეს, რა დროსაც მისი გუნდი უკვე ერთი გოლით აგებდა. ორბანი მშვიდად აპროტესტებდა "პარმას" მცველის მხრიდან შესაძლო ჯარიმას, თუმცა მსაჯმა სწრაფად შეაჩერა თამაში და 23 წლის ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. "გამაძევეს გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის. როგორც შავკანიანმა ფეხბურთელმა იტალიაში, ვერ უგულებელვყოფ, თუ რამდენად ხშირად გვექცევიან განსხვავებულად," - დასძინა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე. "მე მიყვარს ეს თამაში და ყველაფერი, რასაც ვითხოვ, არის სამართლიანობა, პატივისცემა და თანაბარი მოპყრობა მოედანზე." ორბანმა ამ სეზონში "ვერონას" მაისურით სერია A-ში 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს მისი პირველი სეზონია სერია A-ში, თუმცა მისმა პოზიტიურმა გამოსვლებმა მაინც ვერ უშველა "ვერონას" გადარჩენის ბრძოლაში, რადგან "ჯალობლუ" 15 ქულით "პიზასთან" ერთად სატურნირო ცხრილის ბოლოშია. "ვერონამ" პროტესტის ნიშნად მატჩის შემდეგ კომენტარზე მწვრთნელი არ გამოგზავნა. მათ მხოლოდ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც, თუმცა, რასიზმის საკითხები არ იყო ნახსენები: "ეს არის ძალიან სერიოზული უპატივცემულობა გუნდის, ქალაქის, საზოგადოებისა და გულშემატკივრების მიმართ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. "ჩვენ ყოველთვის ვიღებთ შეცდომებს, ისევე როგორც თავად ვუშვებთ მათ. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ მეათე წუთზე გაძევება, მოედანზე ნანახისა და ჩვენთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უპატივცემულობის ნიშანია."