„La Gazzetta dello Sport“ იუწყება, რომ „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩამდე „ბოდო/გლიმტის“ ხელოვნურ საფარზე „არაოფიციალურად იჩივლა“, ხოლო ლაუტარო მარტინესის ტრავმამ სერია A-ს გრანდი კიდევ უფრო გააღიზიანა. ლაუტარო მარტინესის წვივის ტრავმამ, რომელიც მან ოთხშაბათს „ბოდო/გლიმტთან“ გასვლით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო, „ინტერი“ გააღიზიანა, რადგან „ნერაძურის“ მიაჩნია, რომ ხელოვნურმა საფარმა, რომელზეც თამაში მიმდინარეობდა, ხელი შეუწყო მათი კაპიტნის ფიზიკურ პრობლემას. „ინტერის“ მწვრთნელმა კრისტიან კივუმ მატჩის დასრულების შემდეგ აღიარა, რომ ლაუტაროს ტრავმა სერიოზული იყო. „გაძეტას“ ცნობით, არგენტინელი და პიოტრ ზიელინსკი პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რადგან „ნერაძური“ ნორვეგიიდან მხოლოდ დღეს დაბრუნდა. გამოცემის თანახმად, ლაუტარო დღეს დილით აეროპორტში მარჯვენა ფეხს მიათრევდა, ხოლო ზიელინსკი „ნორმალურად“ დადიოდა. „გაძეტა“ იუწყება, რომ „ინტერის“ დირექტორები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური საფარი საგრძნობლად ჩამორჩებოდა ევროპული ფეხბურთის უმაღლეს დონეზე მოსალოდნელ სტანდარტებს. „ვარდისფერი გაზეთი“ დასძენს, რომ მოედანი „ცუდად დაგებულ Subbuteo-ს ხალიჩას ჰგავდა“ უცნაური ნაოჭებით კიდეებზე და რომ „ინტერმა“ უკვე არაოფიციალურად იჩივლა UEFA-ში მატჩამდე, რადგან შიშობდა მოთამაშეების უსაფრთხოებაზე. ლაუტარო გუშინ 60-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ზიელინსკიმ ჰენრიხ მხითარიანი 76-ე წუთზე შეცვალა. ზიელინსკიმ მატჩის ბოლომდე ითამაშა, მაგრამ მცირე ტრავმის გამო ხვალ შეფასებას საჭიროებს.