იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლიში“ მიმდინარეობს მუშაობა სკოტ მაკტომინეისთვის ახალი და გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებაზე, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა სერია A-ში ფანტასტიკური პირველი 18 თვე გაატარა. მაკტომინეი „ნაპოლის“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 2024 წლის ზაფხულში, 30.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მყისიერად დაიმკვიდრა თავი „დიეგო მარადონას“ სტადიონზე ერთ-ერთ თანამედროვე ლეგენდად. ნეაპოლში გატარებულ პირველ სეზონში, შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა „პარტენოპეის“ ბოლო სამ წელიწადში მეორე სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა და ამავდროულად ჩემპიონატის MVP ჯილდოც დაიმსახურა. „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ტრანსფერის დროს, მაკტომინეიმ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2028 წლის ზაფხულში იწურება. „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, „ნაპოლის“ სურს ამ შეთანხმების 2030 წლის ზაფხულამდე გაგრძელება. კვირის ცნობების მიხედვით, მაკტომინეის აგენტი ცოტა ხნის წინ ნეაპოლში ჩავიდა მოლაპარაკებებისთვის და უკვე ესაუბრა სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას ახალი კონტრაქტის გახანგრძლივების პოტენციურ პირობებზე. ხელფასის კონკრეტული ოდენობები ჯერ არ დასახელებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მაკტომინეი გაუმჯობესებული პირადი პირობებით დაჯილდოვდება, მას შემდეგ, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „ოქროს ბურთის“ კანდიდატად ჩამოყალიბდა. მაკტომინეიმ გასულ სეზონში, „ნაპოლის“ საჩემპიონო კამპანიის დროს 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მიმდინარე სეზონში, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ჯამში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დააგროვა. მან „ნაპოლის“ ბოლო თამაშნახევარი გამოტოვა, მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე „ჯენოასთან“ 3:2 მოგებულ მატჩში ტრავმა მიიღო და არც კვირას შუადღისას „რომასთან“ ითამაშებს, რადგან აღდგენით პროცესს აგრძელებს.