„კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველის, მარკ გეიჰის გამოსათხოვარი ვიდეო ონლაინ სივრცეში გავრცელდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი 35 მილიონი ფუნტის ღირებულების ტრანსფერი „ლივერპულში“ ბოლო მომენტში ჩაიშალა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი „ენფილდზე“ გადასვლასთან ახლოს იყო მას შემდეგ, რაც „ლივერპულმა“ „პალასთან“ შეთანხმებას მიაღწია და გეიჰიმ ლონდონში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. თუმცა, „პალასის“ იმედები შემცვლელის მოძიების შესახებ გაქარწყლდა, როდესაც „ბრაიტონის“ მცველმა იგორ ხულიომ „ვესტ ჰემი“ აირჩია, რის გამოც „პალასს“ გეიჰის წასვლის დაბლოკვის გარდა სხვა არჩევანი არ დარჩა. ამ ფაქტს, თუმცა, ხელი არ შეუშლია მისი გამოსათხოვარი ვიდეოს X-ზე (ყოფილი Twitter) გამოჩენისთვის. სამწუთიან კლიპში თავმოყრილია გეიჰის საუკეთესო მომენტები „პალასში“ მისი „ჩელსიდან“ 2021 წელს გადმოსვლის შემდეგ, მათ შორის გოლები, დაცვითი მოქმედებები და ზეიმი კლუბის მიერ ამ წლის დასაწყისში მოგებული ასოციაციის თასის ფინალის შემდეგ. ვიდეო შეტყობინებით სრულდებოდა: „მადლობა, კაპიტანო“ – რაც მისი კაპიტნობის როლზე მიანიშნებდა. მედიაში გაჩნდა გამოხმაურება, რომ თურმე გეიჰიმ გამოსათხოვარი ვიდეო უკვე ჩაწერა „კრისტალ პალასის“ გულშემატკივრებისთვის. თუმცა, ამ ეტაპზე გამოსამშვიდობებელი არაფერი იქნება. გეიჰი „სელჰერსტ პარკზე“ რჩება, რაც ძალიან ახარებს „პალასის“ ფანებს, რომლებმაც მისი განვითარება პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად საკუთარი თვალით იხილეს. 24 წლის ფეხბურთელმა ასევე გაამყარა თავისი ადგილი ინგლისის ნაკრებში, დაეხმარა გუნდს ევრო 2024-ის ფინალში გასვლაში. მან მიმდინარე სეზონიც შესანიშნავი ფორმით დაიწყო, გაიტანა გოლი „პალასის“ „ასტონ ვილასთან“ 3:0 მოგებულ მატჩში და დაეხმარა გუნდს წაუგებლად ჩატარებული ექვსი მატჩის სერიის შენარჩუნებაში ყველა ტურნირზე. „პალასი“ შეძლებს თუ არა მის შენარჩუნებას იანვრის შემდეგ, ჯერ კიდევ გასარკვევია – მაგრამ გულშემატკივრები უდავოდ ბედნიერები იქნებიან, სანამ ის მათ გუნდში იქნება.