„სელტიკის“ მწვრთნელი მარტინ ო'ნილი ლიგის მენეჯერთა ასოციაციის დიდების დარბაზის „1000 კლუბში“ შევა ხუთშაბათს ღამით „შტუტგარტის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში გუნდის გაძღოლის შემდეგ. ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეს შეხვედრა ო'ნილის მე-1000 პროფესიული მატჩი იქნება მწვრთნელის რანგში, ხოლო „სელტიკის“ სათავეში – 301-ე. 73 წლის სპეციალისტი შეუერთდება 40 მწვრთნელისგან შემდგარ ჯგუფს, რომელთაც ასევე მიაღწიეს 1000 მატჩის ნიშნულს, მათ შორის არიან კარლო ანჩელოტი, ბრაიან კლუფი, ჟოზე მოურინიო და არსენ ვენგერი. „მარტინის საფეხბურთო ცხოვრება გამოირჩევა ფენომენალური მიღწევებითა და ხანგრძლივობით, რაც ამ შესანიშნავი ეტაპის მიღწევით დასტურდება“, - განაცხადა „სელტიკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ნიკოლსონმა. „ამ მატჩების თითქმის მესამედი „სელტიკთან“ ერთად შედგა და კლუბში ყველა მადლიერია იმ შესანიშნავი წვლილისთვის, რომელიც მარტინს მიუძღვის და კვლავაც შეაქვს „სელტიკის“ განვითარებაში. მან ამდენი წლის განმავლობაში იმდენი რამ მისცა ჩვენ და ზოგადად, ფეხბურთის სამყაროს, ამიტომ მარტინს გულწრფელად ვულოცავთ ამ ნამდვილ საეტაპო მიღწევას“.