სპორტი
/
24.02.2026
მოულოდნელი სტუმარი მილან-კორტინას ოლიმპიადაზე: ძაღლი სათხილამურო ტრასაზე გამოჩნდა
მილან-კორტინას ოლიმპიური თამაშების ქალთა სათხილამურო გუნდური სპრინტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრასაზე მოულოდნელად ძაღლი გამოჩნდა, რომელმაც მაყურებლებისა და სპორტსმენების ყურადღება მიიპყრო. ინციდენტს შეჯიბრის მსვლელობა არ შეუფერხებია და ძაღლი მაყურებელმა მხიარული შეძახილებით მიიღო. მოგვიანებით ძაღლი, სახელად ნაზღული, ამოიცნეს და მისი პატრონის ისტორიაც ცნობილი გახდა.
ოთხშაბათს, მილან-კორტინას ოლიმპიური თამაშების ქალთა სათხილამურო გუნდური სპრინტის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოულოდნელმა სტუმარმა ყველა გააოცა. დიდი ზომის ძაღლი ტრასაზე მაშინ გამოვარდა, როდესაც შეჯიბრი მიმდინარეობდა და სპორტსმენების გვერდით ფინიშის ხაზსაც გადაკვეთა.
ინციდენტს შეჯიბრის მსვლელობა არ შეუფერხებია, ძაღლს კი მაყურებლები მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ. მოგვიანებით ის ფინიშის ზონაში დადიოდა და მოთხილამურეებს უახლოვდებოდა, როდესაც ისინი თავიანთ გარბენს ასრულებდნენ. ოლიმპიურ სათხილამურო ტრასაზე გამოჩენილი ძაღლის კადრები სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
მრავალი ცნობის თანახმად, ძაღლი მოგვიანებით ჩეხოსლოვაკიურ ვოლფდოგად ამოიცნეს. ძაღლს, რომელსაც „ბეჭდების მბრძანებლის“ ფილმების მიხედვით „ნაზღული“ დაარქვეს, პატრონმა, რომელიც ადგილობრივად ცხოვრობს, სასეირნოდ გაიყვანა, რა დროსაც გაექცა და სარბენ ტრასაზე აღმოჩნდა.
„ამ ძაღლის წყალობით გავხდი ცნობილი, რადგან მან ფინიშის ხაზი გადაკვეთა და ახლა ყველა ჩემთან ინტერვიუს ჩაწერას ითხოვს“, - განაცხადა საბერძნეთის წარმომადგენელმა, კონსტანტინა ჰარალამპიდუმ. „ის კამერას დასდევდა, რომელიც ფინიშის ხაზთან ზევით-ქვევით მოძრაობდა. საყვარელი იყო, მაგრამ არა აგრესიული. მინდოდა მეფერა, მაგრამ დრო არ მქონდა და შემდეგ ვეღარ ვიპოვე.“
თავდაპირველად, შეჯიბრის ორგანიზატორები ფიქრობდნენ, რომ ინციდენტი სტადიონის მკაცრი წესების დარღვევით იყო გამოწვეული, რომელიც მაყურებლებისთვის შინაური ცხოველების მოყვანას კრძალავს. ხორვატმა მოთხილამურემ, ტენა ჰაძიჩმა, NPR-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძაღლთან შეხვედრამ გააკვირვა. „ვფიქრობდი, „ხომ არ მეჩვენება?!“ - თქვა ჰაძიჩმა. „არ ვიცოდი, რა მექნა, რადგან შესაძლოა, თავს დამესხმოდა ან მიკბენდა.“
თუმცა, ძაღლის პატრონმა NPR-ს განუცხადა, რომ ნაზღული „ჯიუტი, მაგრამ ძალიან ტკბილი“ ცხოველია. „დღეს დილით ჩვეულებრივზე მეტად ტიროდა, რადგან ხედავდა, როგორ მივდიოდით - და ვფიქრობ, უბრალოდ ჩვენ მოყოლა უნდოდა“, - უთხრა პატრონმა NPR-ს. „ის ყოველთვის ეძებს ადამიანებს.“
რეპორტაჟის შექმნაში წვლილი შეიტანეს სააგენტოებმა Associated Press-მა და PA-მ.
#ოლიმპიადა
#ინციდენტი
#მილან-კორტინა
#ძაღლი
#სათხილამურო სპრინტი
#ნაზღული
#კონსტანტინა ჰარალამპიდუ
#ტენა ჰაძიჩი
#ჩეხოსლოვაკიური ვოლფდოგი
წყარო: www.espn.com
გაზიარება