მიუნხენის „აუგსბურგმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდამსხმელი სამუელ ესენდე დაუყოვნებლივ შეუერთდა ბერნის „იანგ ბოიზს“. „სქაი გერმანიამ“ დღეს ნაშუადღევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4.75 მილიონი ევროს ღირებულების გარიგება დასრულების ეტაპზე იყო, თუმცა „აუგსბურგის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრანსფერის ზუსტი თანხა არ გამჟღავნდება. 28 წლის თავდამსხმელი „აუგსბურგს“ 2023 წლის ივნისში „ვიზელადან“ შეუერთდა. ამ დროიდან მოყოლებული, მან ბავარიული კლუბის მაისურით სულ 50 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. „სამუელმა მოგვმართა ახალი სპორტული გამოწვევის სურვილით. ჩვენ ერთად ვეძებდით ორივე მხარისთვის გონივრულ გადაწყვეტილებას და შვეიცარიაში გადასვლით ვიპოვეთ ის. მადლობას ვუხდით სამუელს მისი ერთგულებისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, - განაცხადა „აუგსბურგის“ სპორტულმა დირექტორმა ბენი ვებერმა. „მე ყველაფერი გავიღე „აუგსბურგისთვის“. სპორტული თვალსაზრისით, ახალი პროექტი მჭირდებოდა, სადაც შევძლებდი შემდგომ განვითარებას, მოედანზე ყოფნით სიამოვნების მიღებას და გოლების გატანას. ჩემი მადლობა ეკუთვნის „აუგსბურგის“ ფანებს, რომლებიც ყოველთვის ფანტასტიკურები იყვნენ ჩემ მიმართ. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ სეზონის დარჩენილ ნაწილში“, - თქვა სამუელ ესენდემ.