ფრანკ ჰეისი ამ ოთხშაბათს ოფიციალურად შეუერთდა „სტად რენს“ და შეცვალა გასულ კვირას გათავისუფლებული ჰაბიბ ბეი. „ლანსის“ ყოფილი მწვრთნელი ფავორიტი იყო სენეგალელი თავკაცის ადგილზე, რომელიც თავის მხრივ „მარსელში“ რობერტო დე ძერბის შეცვლას გეგმავს. 54 წლის ჰეისი „სტად რენში“ ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2006-დან 2012 წლამდე, ექვსი წლის განმავლობაში, „წითელ-შავების“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო. ჰეისი მედიას დღეს „რენის“ „როაზონ პარკზე“ წარუდგინეს, კლუბის პრეზიდენტ არნო პუილთან და სპორტულ დირექტორ ლუიკ დეზირესთან ერთად. „ძალიან მიხარია აქ ყოფნა და ამას გულწრფელად ვამბობ. ეს კლუბი მნიშვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება,“ - განაცხადა ჰეისმა. მან აღნიშნა, რომ „რენი“ მას ადრეც ცდილობდა დაყოლიებას, თუმცა ბრეტანში დაბრუნებისთვის ყველა პირობა არ იყო ხელსაყრელი – აქამდე. „ამჯერად თავისუფალი აგენტი ვიყავი და „რენმა“ არჩევანი გააკეთა. ბევრი კლუბი არ იყო, რომელიც შესვენებიდან გამომიყვანდა. ამ შემთხვევაში, ცხადი იყო, რომ დავთანხმდებოდი.“ ჰეისი იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში „რენს“ ევროპულ ტურნირებზე დააბრუნებს, რაც კლუბისთვის „ლეგიტიმური ამბიციაა“, ასევე შესთავაზებს სანახაობრივ ფეხბურთს „რენის“ გულშემატკივრებს. „ყოველთვის არ გამოგვდის, მაგრამ ეს ერთ-ერთი ჩვენი მიზანი უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში.“ „რენი“ კვირას „ოქსერთან“ გასვლით მატჩს გამართავს.