ფეხბურთი
/
18.02.2026
„რეალი“ ვიქტორ მუნიოსის დაბრუნებას არ გეგმავს, მიუხედავად მისი გამორჩეული ასპარეზობისა „ოსასუნაში“
მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილი ვიქტორ მუნიოსი „ოსასუნაში“ შთამბეჭდავად ასპარეზობს. მიუხედავად იმისა, რომ „რეალს“ მისი გამოსყიდვის უფლება აქვს და ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს, კლუბი მის დაბრუნებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს. „რეალში“ მის თამაშს დადებითად აფასებენ, თუმცა გუნდში მის პოზიციაზე კონკურენცია მაღალია. სამეფო კლუბი კი სერიოზულ მოგებას ნახავს, თუ მუნიოსი მომავალში სხვა კლუბში გადავა.
მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილი ვიქტორ მუნიოსი, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუ“ 2025 წლის ზაფხულში დატოვა, „ოსასუნაში“ სტაბილურად და შთამბეჭდავად ასპარეზობს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 22 წლის გარემარბმა 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი დრიბლინგი და შეტევითი პოტენციალი ყველას ყურადღებას იქცევს. როგორც თითქმის ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში, „რეალმა“ მუნიოსზეც გამოსყიდვის უფლება შეინარჩუნა, გარდა ამისა, მისი სატრანსფერო უფლებების 50%-ს კვლავ ფლობს.
თუმცა, „Noticias de Navarra“-ს (Defensa Central-ზე დაყრდნობით) ინფორმაციით, „რეალი“ არ აპირებს მუნიოსის გუნდში დაბრუნებას მომავალ სეზონში, მის გამოსასყიდ პუნქტს არ გაააქტიურებს. „ვალდებებასში“ (რეალის საწვრთნელი ბაზა) მყოფები მაღალ შეფასებას აძლევენ მის ასპარეზობასა და თვისებებს და აღფრთოვანებულნი არიან იმით, რაც ამ დრომდე „ოსასუნაში“ იხილეს. მათ ის საინტერესო ფეხბურთელად მიაჩნიათ, რომელსაც მომდევნო სეზონებში მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. მას კლასიკურ გარემარბად ახასიათებენ და ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მისი პირველი სეზონი დადებითად ფასდება.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ის პოზიციაზე თამაშობს, რომელიც ალვარო არბელოას გუნდში ამჟამად კარგად არის დაკომპლექტებული. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ მიზეზით, „რეალი“ მოკლევადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში მასზე დაყრდნობას არ გეგმავს. გარდა ამისა, ცნობაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელი ამჟამად „ოსასუნაში“ გაგრძელებისთვის მზად არის და ცდილობს, ევროპის დიდ კლუბებში თამაშის ამბიციები აისრულოს. 22 წლის გარემარბით უკვე დაინტერესებულია პრემიერ ლიგა და თუ ტრანსფერი განხორციელდება, მადრიდის „რეალი“ სოლიდურ თანხას მიიღებს, რადგან მისი სატრანსფერო უფლებების 50%-ს კვლავ ფლობს.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება