რონდა როუზი ათწლიანი პაუზის შემდეგ შერეული საბრძოლო ხელოვნებების არენას უბრუნდება, სადაც ქვემსუბუქ წონაში ჯინა კარანოს დაუპირისპირდება. ორთაბრძოლა 16 მაისს, კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში მდებარე Intuit Dome-ში გაიმართება და ექსკლუზიურად Netflix-ის ეთერით გადაიცემა, რაც სტრიმინგ-პლატფორმის ისტორიაში პირველი პირდაპირი MMA ტრანსლაცია იქნება. შერკინება ქვემსუბუქი წონის (145 ფუნტი) ლიმიტში შედგება და ხუთ 5-წუთიან რაუნდს მოიცავს, სადაც 4-უნციანი ხელთათმანები იქნება გამოყენებული. 39 წლის როუზი (12-2, 9 მტკივნეული ილეთი, 3 ნოკაუტი) ერთ დროს Ultimate Fighting Championship-ის (UFC) სახე იყო, მაგრამ 2016 წელს ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ კარიერა დაასრულა და მოგვიანებით პროფესიულ ჭიდაობაში, World Wrestling Entertainment-ში (WWE) გადაინაცვლა. „ამ განცხადების გაკეთებას ამდენი ხანი ველოდი: მე და ჯინა კარანო ქალთა საბრძოლო სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდ სუპერ-ბრძოლას მოვაწყობთ! - განაცხადა როუზიმ. - ჩვენ ვთანამშრომლობთ პრომოუტერ MVP-სთან, რომელიც მებრძოლის ინტერესებს აყენებს წინ, ისევე როგორც პლანეტის უდიდეს და ყველაზე მაგარ სტრიმინგ-პლატფორმა Netflix-თან. ეს არის MMA-ის ყველა გულშემატკივრისთვის - წარსულის, აწმყოსი და მომავლის. მეტიც იქნება... ბევრად მეტი.“ 43 წლის კარანო (7-1, 1 მტკივნეული ილეთი, 3 ნოკაუტი) 2019 წელს კრის საიბორგთან მარცხის შემდეგ პენსიაზე გავიდა და მსახიობი გახდა, მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა „შეუჩერებელნი 3“, „ფორსაჟი 7“, „ანტურაჟი“ და Disney+-ის „მანდალორელი“. „მანდალორელიდან“ ის 2021 წელს საკამათო სოციალური მედიის პოსტების გამო გაათავისუფლეს. კარანომ დისნეის უსამართლო გათავისუფლებისთვის უჩივლა და სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა. „რონდა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობს, ვის გამოც ის დაბრუნდებოდა და ჩვენ შორის ეს ბრძოლა მისი ოცნება იყო“, - თქვა კარანომ. - „მან მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ მისი კარიერისთვის კარები გავუღე და პატივისცემით მთხოვა ამ ბრძოლის გამართვა. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მჯერა, რომ ამ ბრძოლას გამარჯვებული დავტოვებ და ველოდები, რომ ეს ადვილი არ იქნება, რასაც მივესალმები. ეს ისევე რონდასთვის და ჩემთვის არის, როგორც გულშემატკივრებისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების საზოგადოებისთვის. რა დროა, რომ ვცხოვრობთ.“