ფეხბურთი
/
15.02.2026
სადავო გაძევება „იტალიის დერბიში“: იტალიური პრესა მსაჯ ლა პენას აკრიტიკებს
„ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის გამართულ „იტალიის დერბიში“ მსაჯმა ფედერიკო ლა პენამ პიერ კალულუ საკამათო მეორე ყვითელი ბარათით გააძევა, რამაც მატჩის შედეგზეც იმოქმედა. „ინტერმა“ 3-2 მოიგო, თუმცა ყველაზე დიდი განხილვის საგანი ლა პენას გადაწყვეტილება გახდა. იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა მსაჯის მოქმედება მკაცრად გააკრიტიკეს, მისი შეფასებები უკიდურესად დაბალი იყო და VAR-ის პროტოკოლების გადახედვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
იტალიურმა გაზეთებმა მკაცრად გააკრიტიკეს მსაჯი ფედერიკო ლა პენა, რომელიც დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის შაბათ საღამოს გამართულ „იტალიის დერბიში“ პიერ კალულუ სადავო მეორე გაფრთხილებით გააძევა. ანდრეა კამბიასოს ავტოგოლმა, პიო ესპოზიტოსა და პიოტრ ზელინსკის ინდივიდუალურმა ძალისხმევამ „ნერაძურის“ სამი ქულა მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ „ბიანკონერის“ მხრიდან გოლები კამბიასომ და მანუელ ლოკატელიმ გაიტანეს. საბოლოოდ, „სან სიროზე“ შაბათ საღამოს გამართული შეხვედრა „ინტერის“ 3-2 გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, მატჩის ყველაზე განხილვადი მომენტი იყო ლა პენას გადაწყვეტილება, რომელმაც კალულუს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა „ინტერის“ ფეხბურთელ ალესანდრო ბასტონიზე სავარაუდო უხეშობისთვის. კალულუს პირველ ტაიმში უკვე ჰქონდა მიღებული მსუბუქი ყვითელი ბარათი, შემდეგ კი საკამათო ვითარებაში გააძევეს, როდესაც გაირკვა, რომ ბასტონი მეტოქის გაძევების მიზნით ჩაყვინთა. ამის შემდეგ „იუვენტუსს“ მთელი მეორე ტაიმის 10 ფეხბურთელით თამაში მოუწია. რადგან კალულუ მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს, VAR-ს, ლა პენას შეცდომის მიუხედავად, ჩარევა არ შეეძლო. „La Gazzetta dello Sport“-მა მსაჯ ლა პენას მატჩის დასრულებისთანავე 10-დან 4 ქულა დაუწერა. „ვარდისფერმა გაზეთმა“ ასევე ხაზი გაუსვა VAR-ის პროტოკოლების გადახედვის გადაუდებელ აუცილებლობას და მოითხოვა, რომ ვიდეო ასისტენტებს მეორე ყვითელი ბარათის შემთხვევებშიც შეეძლოთ ჩარევა, და არა მხოლოდ პირდაპირი წითელი ბარათის ეპიზოდებში. „Corriere dello Sport“-მა ლა პენას 10-დან 4.5 ქულა მიანიჭა და აღნიშნა, რომ VAR-ს კალულუ-ბასტონის ინციდენტში ჩარევა რომ შეძლებოდა, მსაჯი „გადარჩებოდა“. მათ ასევე აღნიშნეს ის ფაქტი, რომ ინციდენტის დროს ბასტონისაც ჰქონდა ყვითელი ბარათი, რასაც შესაძლოა მისი გაძევებაც მოჰყოლოდა. გასაკვირი არ არის, რომ ტურინულმა გამოცემა „Tuttosport“-მა ამ საკითხზე კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და ლა პენას გამოსვლა 10-დან 3 ქულით შეაფასა. მათი აზრით, კალულუს გაძევების ეპიზოდში VAR-ის დახმარება არ იქნებოდა საჭირო, მოედანზე „ყურადღებიანი“ მსაჯი რომ ყოფილიყო. პიტერ იანგი, „Football Italia“-ს უფროსი რეპორტიორი, აღნიშნავს, რომ 4 ან თუნდაც 3 ქულა გულუხვი შეფასებაა და ეს მილანის გულშემატკივრისგან მოდის.
#დაპირისპირება
#var
#მსაჯი
#სერია a
#ინტერი
#იუვენტუსი
#პიერ კალულუ
#იტალიის დერბი
#ფედერიკო ლა პენა
წყარო: football-italia.net
გაზიარება