სულ ახლახან, „სუპერ ბოულის“ ისტორიაში მეორე გამარჯვების შემდეგ, „სიეტლ სიჰოქსი“ გასაყიდად ემზადება. ოთხშაბათს, „სიჰოქსის“ ყოფილი მფლობელის, პოლ ჯი ალენის სამკვიდრომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ოფიციალური გაყიდვის პროცესი დაიწყო. „პოლ ჯი ალენის სამკვიდრომ დღეს გამოაცხადა, რომ დაიწყო „სიეტლ სიჰოქსის“ NFL-ის ფრენჩაიზის ოფიციალური გაყიდვის პროცესი, ალენის დირექტივის შესაბამისად, საბოლოოდ გაეყიდა თავისი სპორტული აქტივები და სამკვიდროს მთელი შემოსავალი ქველმოქმედებისთვის მიემართა“, – ნათქვამია განცხადებაში. „სამკვიდრომ გაყიდვის პროცესის ხელმძღვანელობისთვის საინვესტიციო ბანკი „ალენ ენდ კომპანი“ (Allen & Company) და იურიდიული ფირმა „ლეთემ ენდ უოტკინსი“ (Latham & Watkins) შეარჩია. სავარაუდოდ, პროცესი 2026 წლის სეზონთაშორის პერიოდშიც გაგრძელდება. NFL-ის მფლობელებმა კი საბოლოო შესყიდვის ხელშეკრულება უნდა დაამტკიცონ“. ალენმა „სიჰოქსი“ თავდაპირველად 1997 წელს $194 მილიონად შეიძინა და ფრენჩაიზს 2018 წელს, არახოჯკინის ლიმფომით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალებამდე აკონტროლებდა. მას შემდეგ, ფრენჩაიზს მისი სამკვიდრო მართავს, რომელსაც მისი უმცროსი და, ჯოდი ალენი ხელმძღვანელობს. „ფორბსის“ 2025 წლის მონაცემებით, „სიჰოქსი“ ლიგის მე-14 ყველაზე ღირებული ფრენჩაიზია $6.7 მილიარდი შეფასებით. ორგანიზაციის გაყიდვის შედეგად, ალენის სამკვიდრო, სავარაუდოდ, $10 მილიარდზე მეტს მიიღებს.