ტიბო კურტუა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე გადამწყვეტი ნაბიჯებითა და შთამბეჭდავი თამაშით არის ცნობილი. ბელგიელმა ვარსკვლავმა, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ორი და ლა ლიგის მრავალი ტიტული მოიგო, მოედნის მიღმაც „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ გადადგა. ხუთშაბათს დადასტურდა ტიბო კურტუას უახლესი მსხვილი ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია და ის „ლე მანის“ ახალი თანამფლობელი გახდა. 33 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალში“ თამაშობს, „ლე მანის“ საინვესტიციო ჯგუფში მაღალი პროფილის რამდენიმე პიროვნებას შეუერთდა. კურტუამ „ლე მანში“ ინვესტიცია განახორციელა [433-ის ცნობით] და ის შორს არის პირველი ელიტური სპორტსმენისგან, რომელმაც ლიგა 2-ის საფეხბურთო კლუბში ფული ჩადო. „ლე მანის“ ინვესტორებს შორის არიან ჩოგბურთის 24-გზის დიდი სლემის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფორმულა 1-ის მრბოლელი კევინ მაგნუსენიც. ინვესტორია 2008 წლის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი ფელიპე მასაც. ჯოკოვიჩი, მაგნუსენი და მასა კლუბის თანამფლობელები გასული წლის აგვისტოში გახდნენ მას შემდეგ, რაც მასში წილები შეიძინეს. Reuters-ის ცნობით, ინვესტიციას სათავეში ჩაუდგა ბრაზილიური ჯგუფი „აუთფილდი“ – საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც პედრო ოლივეირამ დააფუძნა, და რომელშიც ასევე შედის გეორგიოს ფრანგულისი, გლობალური ჯანსაღი კვების ბრენდ „ოუქბერის“ აღმასრულებელი დირექტორი. დასავლეთ საფრანგეთში დაფუძნებული „ლე მანი“ 1902 წელს შეიქმნა და თავის მატჩებს „სტად ლეონ-ბოლეზე“ ატარებდა. 2011 წელს კლუბი „მმაარენაზე“ გადავიდა, რომლის ტევადობაც 25 000 მაყურებელია. ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 23 ტურის შემდეგ „ლე მანი“ მეხუთე ადგილს იკავებს. ეს ფრანგული კლუბისთვის შთამბეჭდავი სეზონია, რადგან ისინი ლიგა 2-ში 2024/25 წლების სეზონში ლიგა 3-ში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ დაწინაურდნენ. თუმცა, მათ ცუდი ფორმის პერიოდი აქვთ და ბოლო სამი მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს. ბოლო შეხვედრაში მათ 4:2 წააგეს „მონპელიესთან“, რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა. „ლე მანი“ ასევე გამოეთიშა საფრანგეთის თასს მას შემდეგ, რაც მერვედფინალში „რეიმსთან“ 3:0 დამარცხდა.