ტრე ჯონსონი, NFL-ის ყოფილი თავდამსხმელი ხაზის მოთამაშე, კვირას გარდაიცვალა ოჯახური მოგზაურობის დროს. ინფორმაცია მისმა მეუღლემ, აირინმა, Facebook-ის პოსტით გაავრცელა. ის 54 წლის იყო. „მძიმე გულით გაუწყებთ, რომ ჩემი მეუღლე, ტრე ჯონსონი, მოულოდნელად გარდაიცვალა მოკლე ოჯახური მოგზაურობის დროს“, – დაწერა აირინ ჯონსონმა. „მისი ოთხი შვილი – ქლოე, ეჯეი, ეზეტი და იდენი, გაფართოებული ოჯახი, მეგობრები და მე განადგურებულები და შოკში ვართ“. ტემპლის უნივერსიტეტში კოლეჯის ფეხბურთის თამაშის შემდეგ, ის 1994 წლის დრაფტზე „ვაშინგტონმა“ 31-ე საერთო არჩევნით აიყვანა. ჯონსონმა NFL-ის კარიერის პირველი შვიდი სეზონი „ვაშინგტონში“ გაატარა, სანამ 2001 წლის სეზონს „ბრაუნსთან“ ითამაშებდა. ის „ვაშინგტონში“ ლიგაში თავისი ბოლო სეზონისთვის დაბრუნდა, სადაც 2002 წლის სეზონში ჩატარებული 10 თამაშიდან სამში ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 93 თამაშიდან 72-ში ძირითადში დაიწყო და 1999 წელს Pro Bowl-შიც მოხვდა. „ვაშინგტონ ქომანდერებმა“ თავიანთ ოფიციალურ X-ის ანგარიშზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნეს: „გული გვტკივა, როდესაც გავიგეთ „ვაშინგტონის“ ყოფილი All-Pro გარდის, ტრე ჯონსონის, გარდაცვალების შესახებ. ჩვენი ფიქრები მის ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან არის“. NFL-ის კარიერის დასრულების შემდეგ, ის ისტორიის მასწავლებელი გახდა ლენდონის სკოლაში, კერძო სკოლაში, რომელიც ბეთესდაში, მერილენდის შტატში მდებარეობს. მეუღლის თქმით, ჯონსონს სკოლიდან დროებითი შვებულება ჰქონდა აღებული ბოლო დროს არსებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო.