The Athletic-ის ცნობით, ვესტ ჰემ იუნაიტედის თავდამსხმელი პაბლო ფელიპე წვივის პრობლემის გამო ოთხიდან ექვს კვირამდე ვერ ითამაშებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ვესტ ჰემს“ იანვარში „ჟილ ვისენტედან“ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ლონდონურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა. „ჩაქუჩების“ მწვრთნელმა, ნუნო ეშპირიტო სანტომ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პაბლო დაშავებული იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებდა. ფელიპეს მოედანზე დაბრუნება მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ არის მოსალოდნელი, რაც სასიცოცხლო სტიმული იქნება „ვესტ ჰემის“ პრემიერ ლიგაში გადარჩენის იმედებისთვის. 22 წლის ფეხბურთელი გამოტოვებს მატჩებს „ბორნმუთის“, „ლივერპულის“, „ფულემის“, „ბრენტფორდისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, თუმცა შესაძლოა, 22 მარტს „ასტონ ვილასთან“ გასვლით მატჩში დაბრუნდეს. მიდლენდში ვიზიტის შემდეგ, „ვესტ ჰემს“ ჩემპიონატში შვიდი თამაში დარჩება და ფელიპე მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რადგან გუნდი სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. ისინი შესაძლოა ჯერ კიდევ მონაწილეობდნენ FA თასზეც, თუ მომავალ თვეში 1/8 ფინალში „ბრენტფორდს“ დაამარცხებენ. „ჩაქუჩების“ მაისურით ჩატარებულ ექვს მატჩში მას ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, თუმცა მისი შრომისმოყვარეობა ძალიან შთამბეჭდავია. ის გულშემატკივრებში პოპულარული გახდა ბურთითა და უბურთოდ გამოჩენილი შეუპოვრობისა და დაუღალავი თამაშის გამო. „ვესტ ჰემში“ გადასვლამდე, ფელიპემ ამ სეზონის დასაწყისში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 13 მატჩში ათი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და მას აქვს ის თვისებები, რაც საჭიროა შეტევის დასკვნით ფაზაში ეფექტური თამაშისთვის. „ვესტ ჰემმა“ ბოლო შვიდი მატჩიდან ყველა ტურნირზე ხუთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. შაბათს, საკუთარ მოედანზე „ბორნმუთთან“ გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იქნება.