ლისაბონის „ბენფიკა“ დადგა ჯანლუკა პრესტიანის დასაცავად, მას შემდეგ, რაც ვინიციუს ჟუნიორმა მას რასისტული შეურაცხყოფა დასდო ბრალად. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა მსაჯს აცნობა, რომ პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დროს ანტირასისტული პროტოკოლი გააქტიურდა. პრესტიანიმ განაცხადა, რომ მას ვინიციუსისთვის რასისტული შეურაცხყოფა არ მიუყენებია. უეფამ უკვე გახსნა გამოძიება ამ საკითხზე, მაშინ როდესაც კილიან მბაპე, ალვარო არბელოა, ფედე ვალვერდე, ტრენტ ალექსანანდერ-არნოლდი და ორელიენ ჩუამენი ყველა თანაგუნდელის მხარდასაჭერად გამოვიდნენ. კერძოდ, მბაპემ განაცხადა, რომ „რაც მან ნახა, ნათელი იყო“ – პრესტიანიმ ვინიციუსს „მაიმუნი“ ხუთჯერ უწოდა. მას შემდეგ, „ბენფიკამ“ ინციდენტის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეოს თან ერთვის წარწერა, რომელიც, როგორც ჩანს, მბაპეს სიტყვებზე პასუხია. როგორც კადრებიდან ჩანს, მოედნის მანძილის გათვალისწინებით, „რეალის“ ფეხბურთელებს არ შეეძლოთ გაეგოთ ის, რის გაგებასაც ამტკიცებენ. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კამათობენ ვინიციუსი და პრესტიანი, და მას შემდეგ, რაც ვინიციუსი მსაჯთან მიდის ინციდენტის შესახებ სათქმელად, მბაპე და ედუარდო კამავინგა თავიანთ პოზიციებზე რჩებიან, როგორც ჩანს, გაუგებრობაში, თუ რა მოხდა. ამ ვიდეოს გარდა, „ბენფიკამ“ პრესტიანის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ინსტაგრამზე მისი პოსტის შემდეგ, სადაც ის უარყოფდა ვინიციუსის რასისტულ შეურაცხყოფას, „ბენფიკამ“ მისი მესიჯი Twitter/X-ზე გამოაქვეყნა. ამჯერად წარწერა იყო: „ერთად, შენს გვერდით“. ვინიციუსისთვის სამწუხაროა ის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პრესტიანი დაისაჯოს მისი შეურაცხყოფის მტკიცებულებების გარეშე. ამ დრომდე პრესტიანის შეურაცხყოფის არც ერთი აუდიო ჩანაწერი არ მოპოვებულა და ამჟამინდელი მდგომარეობით, ეს ბრაზილიელის სიტყვაა პრესტიანის სიტყვის წინააღმდეგ. მატჩის შემდეგ გაკეთებულ საკუთარ განცხადებაში ვინიციუსმა განაცხადა, რომ „ვისაც მოვალეობა აქვს დასაჯოს“, რასისტებს იცავენ.