გასულ ზაფხულს, „ვოლფსბურგმა“ ადამ დაგიმი „რედ ბულ ზალცბურგიდან“ იჯარით დაიმატა, 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი სამუდამოდ გამოსყიდვის ოპციით. მას შემდეგ, რაც 20 წლის თავდამსხმელმა 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც შვიდჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო, „მგლები“ ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი, გაიფორმონ თუ არა დანიელი 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი სამუდამოდ, როგორც „კიკერი“ იტყობინება. ამავე ცნობით, თავად დაგიმს სურს დარჩეს „ავტოქალაქში“ – თუმცა, იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგეს, მან სეზონის ბოლომდე სტაბილური თამაში უნდა აჩვენოს. დანიელი 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა, ზედიზედ მესამედ გამოჩნდეს სასტარტო შემადგენლობაში, როდესაც „ვოლფსბურგი“ ამ შაბათს „აუგსბურგს“ უმასპინძლებს.