გუშინ ღამით, ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც ცოტა ხნის წინ პირველი FIFA ქალთა ჩემპიონთა თასი მოიგო, ბელგიის ქალთა სუპერლიგის ჩემპიონი „ოჰ ლევენი“ ორი მატჩის ჯამში 7:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „მეთოფეებმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მათ უკვე მოსალოდნელი და საკმაოდ მასშტაბური დაპირისპირება ელოდებათ ლონდონის „ჩელსისთან“. მამაკაცთა გუნდის მსგავსად, „ჩელსიმ“ ქალთა ტურნირზეც გამოტოვა ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი და ლიგის ფაზის საუკეთესო კვარტეტში მოხვედრით პირდაპირ მეოთხედფინალში გადაინაცვლა. „არსენალს“ ამ შესაძლებლობამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა, მაგრამ „ოჰ ლევენთან“ დაპირისპირებაში პრობლემები ნამდვილად არ შექმნია: პირველი მატჩი გასვლაზე 4:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში შინ 3:1 იმარჯვა. იმის გათვალისწინებით, რომ „არისტოკრატებს“ ჩემპიონატში ბოლო დროს გარკვეული სირთულეები აქვთ, ამ ტურნირს ახლა უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე წინა სეზონებში. ასევე, კიდევ უფრო დიდია აქცენტი „არსენალის“ დამარცხებაზე მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ „მეთოფეები“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩავიდნენ და 2:0 გაიმარჯვეს. ამ მეოთხედფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ 1 აპრილს გაიმართება, პირველი შეხვედრა კი, რომელიც გასვლაზე ჩატარდება, 24 ან 25 მარტს არის დაგეგმილი.