„ატლეტიკისთვის“ მიმდინარე სეზონი რთულად მიმდინარეობს, რასაც ნიკო უილიამსის ტრავმები კიდევ უფრო ამძიმებს. ვინგერი თვეებია პუბალგიით იტანჯება, რის გამოც სტაბილურად ვერ თამაშობს – ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მის ფორმაზეც. 26 მატჩში ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა უილიამსის დონის ფეხბურთელისთვის სავალალო სტატისტიკაა, მაგრამ მისი დაბალი შედეგიანობა ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ის 100%-ით ვერ თამაშობს. პუბალგია, რომელიც სეზონის დასაწყისში გამოვლინდა, თამაშის საშუალებას არ აძლევს და ახლა უკვე დიდ გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე. ამ თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უილიამსი 6-8 კვირას გამოტოვებდა, რათა სათანადოდ დაესვენა და პუბალგია განკურნებულიყო. თუმცა, მან დასვენებაზე უარი თქვა და 10 დღეში ოთხი მატჩის (ორჯერ „რეალ სოსიედადთან“, „ვალენსიასთან“ და „ლევანტესთან“) ჩატარების შემდეგ, მას რეციდივი განუვითარდა. უილიამსმა კვირას „რეალ ოვიედოსთან“ „ატლეტიკის“ გამარჯვება გამოტოვა და „მარკას“ ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ დაადასტურა, რომ 23 წლის ფეხბურთელი შესაძლოა შემადგენლობიდან რამდენიმე კვირით გამოირიცხოს, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. „ნიკოს პრობლემები აქვს და 100%-ით ვერ თამაშობს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტზე ვმუშაობთ, ამ ეტაპზე ვანაცვლებთ მკურნალობასა და ვარჯიშებს, და თუ ის არ გამოჯანმრთელდება, ვფიქრობთ, რამდენიმე კვირით დავასვენოთ დაზიანებული ზონის გასაძლიერებლად,“ – განაცხადა ვალვერდემ. ესპანეთის ნაკრები უილიამსს ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე ენდობა, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს გარანტია, რომ ის სათამაშოდ სათანადო ფორმაში იქნება. თავად ფეხბურთელი კვლავ „ატლეტიკს“ ანიჭებს პრიორიტეტს, თუმცა ბასკური კლუბი განიცდის იმ ფაქტს, რომ ის ოპტიმალურ კონდიციაში არ არის.