ნიკო უილიამსმა ძალიან რთული სეზონი გაატარა, ტრავმამ ხელი შეუშალა მას ფორმის აკრეფაში ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში მას მხოლოდ შვიდი საგოლე მოქმედება ჰქონდა და რამდენიმე თვეა, რაც პუბალგია აწუხებს. უილიამსის პრობლემა ჰგავს იმ პრობლემას, რომელიც ლამინ იამალს თავდაპირველად სექტემბერში ჰქონდა. „ბარსელონას“ ფლანგის შემტევმა უკვე გადალახა თავისი პრობლემები, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით „ატლეტიკის“ ფეხბურთელზე, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს 2-3 კვირაში დაბრუნდეს, რაც მის მონაწილეობას მომდევნო თვის „ფინალისიმაზე“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ინიაკი უილიამსმა უმცროსი ძმის მდგომარეობაზე ისაუბრა. „კადენა სერის“ ცნობით, მან განაცხადა, რომ პრობლემა სეზონის პირველივე კვირებიდან არსებობს. „გაბრაზებულია, სექტემბრიდან მოყოლებული დისკომფორტი აქვს... მართალია, ბოქვენის ტკივილის დროს ზოგი დღე ძალიან კარგად ხარ, მეორე კი ცუდად. გასულ კვირას უკვე ვთქვი, რომ მითხრა, სინათლის დანახვას ვიწყებო... ახლა კი, როგორც ჩანს, ორი-სამი ნაბიჯით უკან დავიხიეთ.“ ამის მიუხედავად, უილიამსის ორივე ძმა იმედოვნებს, რომ უმცროსი ძმა ამ ზაფხულის ჩრდილოეთ ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატამდე შეძლებს პუბალგიის პრობლემების დაძლევას, რადგან „ატლეტიკის“ სეზონის დარჩენილი განრიგი მათ საშუალებას აძლევს, რომ მის გამოჯანმრთელებას მოთმინებით მოეკიდონ, რადგან ის ბევრ მატჩს არ გამოტოვებს. „ვფიქრობ, ეს კვირები, როდესაც თამაშები გვაქვს შაბათ-კვირიდან შაბათ-კვირამდე, კარგი იქნება მისთვის, რათა შეძლოს საკუთარი თავის დოზირება, აღდგენა, კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება კვირის განმავლობაში და შეეცადოს შაბათ-კვირას კონკურენციაში ჩაერთოს.“