მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის სეზონი კატასტროფული აღმოჩნდა. „ბარსელონასა“ და „ჟირონას“ შემადგენლობაში მას მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული. 33 წლის ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი თითქმის მთლიანად გამოტოვა ზურგის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის გამო. „მონტილივიში“ გადასვლის შემდეგ კი მან ორჯერ ითამაშა, სანამ ბარძაყის მყესი არ გაიწყვიტა. ტერ შტეგენის მოედანზე დაბრუნების შანსი აპრილამდე მინიმალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ რამდენიმე კვირა ექნება ფორმის აღსადგენად ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატამდე. მას იმედი ჰქონდა, რომ პირველად იქნებოდა გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე დიდ ტურნირზე, თუმცა ტრავმების გამო ეს იმედები გაუფერულდა. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა ეს დაადასტურა. Sempre Barca-ს ცნობით, მან აღიარა, რომ ტერ შტეგენის ამჟამინდელი სიტუაცია ართულებს მის გამოძახებას მსოფლიო ჩემპიონატზე. „მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით სამი რამ არის გასათვალისწინებელი. ეს ტრაგიკული ტრავმაა (ტერ შტეგენისთვის), რასაც ღრმად ვწუხვარ. მე მას არასოდეს გამოვრიცხავ მთლიანად, რადგან ეს მისი ჯერია. ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება მისთვის და ჩვენთვის. ამჟამად კი სიტუაცია არახელსაყრელია“, - განაცხადა ნაგელსმანმა. იმის გათვალისწინებით, რომ ის 33 წლისაა, ტერ შტეგენს ბევრი წელი არ დარჩენია ფეხბურთში – განსაკუთრებით ბოლო ტრავმების ფონზე. ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის იდეალური დრო იქნებოდა გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დიდ ტურნირზე გამოსასვლელად, თუმცა, როგორც ჩანს, ეს შანსი ხელიდან გაუვარდება. გერმანიას ჰყავს არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარე, რომლებიც პროგრესირებენ, მაგალითად, მიუნხენის „ბაიერნის“ იონას ურბიგი და „ფრაიბურგის“ ნოა ატუბოლუ. ორივე მათგანი ეცდება, რომ უახლოეს წლებში ტერ შტეგენი ჩაანაცვლოს, განსაკუთრებით კი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გასამართ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე.