ფორმულა 1-ის გუნდმა „უილიამსმა“ ახალი მრავალწლიანი პარტნიორობა დააანონსა შვეიცარიულ ძვირადღირებულ საათების მწარმოებელ Girard-Perregaux-თან. შვეიცარიული კომპანია გროუვის გუნდს 2026 წლის ფორმულა 1-ის სეზონიდან ოფიციალურ საათების პარტნიორად უერთდება. „უილიამსში ვიცით, რომ ყოველი მილიწამი მნიშვნელოვანია“, – დაწერა გუნდმა სოციალურ ქსელში. „მიუხედავად იმისა, ახალ კომპონენტს ვაპროექტებთ თუ საკვალიფიკაციო წრეს გავდივართ, ჩვენი წარმატება დამოკიდებულია სიზუსტეზე, კრეატიულობასა და შეუპოვარ ფოკუსზე. ამიტომაც მოხარულები ვართ, რომ გავაერთიანებთ ძალებს Girard-Perregaux-თან, ჩვენს ოფიციალურ საათების პარტნიორთან და ქრონოგრაფთან 2026 წლიდან და შემდგომი პერიოდისთვის. ერთად, მოუთმენლად ველით თითოეული მომენტის მიღებას იმ სეზონში, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარი იქნება." ბოლო დროს, „უილიამსმა“ არაერთი ახალი პარტნიორობა დააანონსა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Barclays, Anthropic, BNY, Wilkinson Sword და Sparco. ბაჰრეინში სეზონისწინა ტესტირების მეორე კვირა თითქმის დასრულდა. გუნდის ხელმძღვანელმა ჯეიმს ვოულსმა, თავისი მძღოლების (კერძოდ, ალექს ალბონის) გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ ისინი ტრასაზე გასვლის ყოველ ჯერზე ახერხებენ მეტი წარმადობის მიღებას. თუმცა ბრიტანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაურკვეველია, როგორი იქნება ძალთა ბალანსი სეზონის გახსნით ავსტრალიის გრან-პრის წინ. „ჩვენ არც პირველები ვართ და არც უკანასკნელები. ძალიან რთულია იმის თქმა, როგორია ზუსტი თანმიმდევრობა. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ საუკეთესო ოთხეული საუკეთესო ოთხეულია, ვფიქრობ, ეს საკმაოდ ნათელია“, – განუცხადა მან Sky Sports F1-ს. „მაგრამ მანქანების ის მცირე ჯგუფი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, ძალიან მჭიდროა – ათიოდე მეასედი აშორებს სამ გუნდს, რამდენადაც მე შემიძლია ვთქვა. კარგი ამბავი კი ისაა, რომ მანქანით ყოველ გასვლაზე ვსწავლობთ და ცოტა მეტ წარმადობას ვპოულობთ, ასე რომ, იმედია, კიდევ მეტი გვექნება.“ სეზონი ორმაგი ეტაპით დაიწყება ავსტრალიაში (6-8 მარტი) და ჩინეთში (13-15 მარტი). ჩინეთის გრან-პრის უქმეებზე სეზონის პირველი სპრინტ რბოლა გაიმართება.