ფორმულა 1-ის ყველა 11 გუნდი FIA-ს ოთხშაბათს შეხვდება. 2026 წლის ახალი სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, გასარკვევია რამდენიმე საკითხი. წლევანდელმა ახალმა ძრავისა და შასის რეგულაციებმა და მათმა გავლენამ 2026 წლის მანქანებზე, რამაც არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, არაერთი პრობლემა შექმნა გუნდებისა და მრბოლელებისთვის, რადგან ოთხშაბათს ბაჰრეინში სეზონისწინა ბოლო ტესტირება იწყება. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე ძრავის კომპრესიის საკითხთან დაკავშირებული დავის გარდა, ახალი უსაფრთხოების პრობლემა გაჩნდა რბოლის სტარტებთან დაკავშირებით. გასულ კვირას გამართული ტესტის ბოლოს, საწვრთნელი სტარტისას რამდენიმე მანქანას გაუჭირდა სტარტიდან დაძვრა, რამაც შეშფოთება გამოიწვია. ახალ ძრავებს სჭირდებათ აბაროტების აწევა ტურბო დამუხტვის წნევის შესაქმნელად და ტურბო-ჩამორჩენის შესამცირებლად, რის შედეგადაც ზოგიერთი მრბოლელი ძრავს ათ წამზე მეტ ხანს მაღალ ბრუნებზე ამუშავებს. სტარტის ამჟამინდელი პროცედურა, როდესაც ხუთი წითელი შუქი ერთწამიანი ინტერვალით ციმციმებს და შემდეგ ქრება, არ აძლევს საკმარის დროს სტარტის ბადის უკანა რიგებში მყოფ მრბოლელებს, რომ დროულად მოამზადონ ტურბო. „მაკლარენის“ გუნდის ხელმძღვანელმა ანდრეა სტელამ მოუწოდა სპორტის მმართველ ორგანოს, გამოსავალი იპოვონ 8 მარტს ავსტრალიაში სეზონის გახსნამდე, რადგან სტარტისას საშიში შეჯახებების პოტენციალი არსებობს, თუ ერთი ან რამდენიმე მანქანა ვერ შეძლებს სტარტიდან დაძვრას. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რბოლის სტარტის პროცედურა ყველა მანქანას აძლევს საშუალებას, რომ ძალური დანადგარი მზად იყოს ასაფრენად, რადგან სტარტის ბადე არ არის ის ადგილი, სადაც გსურთ, რომ მანქანებმა ნელა აიღონ სტარტი“, - განაცხადა სტელამ. „ეს ნებისმიერ კონკურენტულ ინტერესზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა გუნდმა და FIA-მ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ, როდესაც საქმე რბოლის სტარტის პროცედურას ეხება. მე ვფიქრობ დროზე, მაგალითად, შუქნიშნების დროზე, შუქნიშნებამდე არსებულ დროზე. ისინი სწორად უნდა იყოს მორგებული, რათა, პირველ რიგში, უზრუნველყოფილი იყოს რბოლის დაწყების უსაფრთხო ფაზა.“ თუმცა, „ფერარი“ ერთადერთი ძრავების მწარმოებელია, რომელიც წესების არცერთ ცვლილებას არ ემხრობა. Motorsport-ის გამოცემა The Race დეტალურად აღწერს, რომ ლუის ჰემილტონის გუნდმა უკვე დაბლოკა ერთი წინადადება და შესაძლოა, უარყოს მომავალში შეთავაზებული გადაწყვეტილებებიც, რადგან მათი აზრით, ყველა გუნდი ინფორმირებული იყო ტურბო ჩამორჩენით გამოწვეული გამოწვევების შესახებ. ამგვარად, აქედან გამომდინარეობს, რომ „ფერარის“ სჯერა, რომ მათ კონკურენტული უპირატესობა აქვთ თავიანთი ძალური დანადგარის აგების მეთოდის გამო და სტარტიდან უფრო სწრაფად დაძვრის პოტენციალი აქვთ, ვიდრე მათ კონკურენტებს. „მერსედესის“ მრბოლელმა ჯორჯ რასელმა პარასკევს ამის შესახებ მიანიშნა და თქვა: „ვფიქრობ, „ფერარი“ სხვა მწარმოებლებზე მაღალ გადაცემათა კოლოფში მუშაობას ახერხებს, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ მათ სხვა მწარმოებლებზე პატარა ტურბო აქვთ. ასე რომ, შესაძლოა, ისინი სტარტებისთვის ოდნავ მარტივ პოზიციაში არიან.“ თუმცა, „ფერარის“ ოსტატობა ამ სფეროში ჯერ კიდევ დაუდასტურებელია – და არც დადასტურდება, სანამ მელბურნში შუქნიშნები არ ჩაქვრება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, რომელიც დღეს განიხილება. სტელამ ასევე გამოხატა თავისი შეშფოთება საკამათო „აწევა და დაგორება“ (lift and coast) ტექნიკასთან დაკავშირებით, რომელიც სწორი მონაკვეთების ბოლოს ხორციელდება, სადაც მრბოლელები ფეხს გაზის პედლიდან იღებენ ბატარეის დასატენად. „შეიძლება იყოს მანქანები, რომლებიც სხვას მიჰყვებიან და წინ მყოფ მანქანას შესაძლოა მოუნდეს „აწევა“ ენერგიის მოსაგროვებლად“, - თქვა მან. „ეს შეიძლება არ იყოს იდეალური სიტუაცია, როდესაც ახლო მანძილიდან მიჰყვები და ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სარბოლო სიტუაცია, როგორიც აქამდე გვინახავს რამდენჯერმე მაღალსიჩქარიანი შეჯახებების დროს ვალენსიაში, [რიკარდო] პატრეზე პორტუგალიაში და კიდევ რამდენიმე შემთხვევა, რომელთა ნახვაც ნამდვილად აღარ გვსურს ფორმულა 1-ში.“ ახალი „გასწრების რეჟიმის“ ეფექტურობა, რომელიც არსებითად წელს DRS-ს ცვლის, ასევე გაურკვევლობითაა მოცული. სტელა შეშფოთებულია, რომ შესაძლოა, საკმარისი ენერგია არ იყოს მის სრულფასოვნად გამოსაყენებლად გასწრების მანევრის დასასრულებლად. სტელამ, რომელმაც „მაკლარენი“ გასულ წელს ორმაგ მსოფლიო ჩემპიონატამდე მიიყვანა, ხაზი გაუსვა, რომ მისი წინადადებები არ ეხება „მაკლარენის“ კონკურენტუნარიანობას, არამედ სპორტის საერთო მდგომარეობას, როდესაც ახალი ერა იწყება. „ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად სწრაფი ხარ საკვალიფიკაციო ეტაპზე“, - დასძინა მან. „ჩვენ არ ვსაუბრობთ თქვენს სარბოლო ტემპზე. ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე სტარტის ბადეზე. როგორც ადრე ვთქვი, არსებობს თემები, რომლებიც უბრალოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკურენტული ინტერესი. ჩემთვის კი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა სტარტის ბადეზე, რაც მარტივი კორექტირებით მიიღწევა, უდავოა. ეს უბრალოდ უფრო დიდი ინტერესია.“ რადგან ძრავებთან დაკავშირებული დებატები ჯერ კიდევ არ დასრულებულა – „რედ ბული“, როგორც ამბობენ, „ფერარის“, „აუდის“ და „ჰონდას“ მხარესაა „მერსედესის“ წინააღმდეგ – ოთხშაბათს მრავალი ტექნიკური საკითხის მოგვარება იქნება საჭირო, რამაც შესაძლოა, სახირში მიმდინარე სამდღიან ფინალურ ტესტირებას გადაფაროს.